საქართველოს მოსწავლეები ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, მათემატიკასა და ფიზიკაში ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ. კომაროვის სკოლა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი. 14 მონაწილიდან 13-მა აიღო მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრში. აქედან 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.
რუსული სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც მრავლად იყვნენ ოლიმპიადაზე, დაბალი შედეგი აჩვენეს. საუკეთესო 7 გუნდს შორის, ვერც ერთი რუსული სკოლა ვერ მოხვდა, მათ შორის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლაც.
ოლიმპიადის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გამეზარდაშვილი წერს. მისი ინფორმაციით, ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ყოველწლიურად ალმათიში ტარდება. იმართება, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური შეჯიბრი. წლეულს ოლიმპიადაზე ორი აბსოლუტური შედეგი დაფიქსირდა - 42 ქულა 42 შესაძლებლიდან 266 მონაწილეს შორის. ამ ორიდან ერთი შედეგი თბილისის კომაროვის სკოლის მოსწავლე თეიმურაზ თოლორაიას ეკუთვნის.
კომაროველების მიერ მოპოვებული მედლები საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდური გამარჯვებისათვის. გრან-პრი ბელგრადის სკოლამ აიღო. თბილისის გუნდს აჯობა სოფიის და ბუქარესტის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლებმაც.
"ძალიან დიდ კონკურენციას ადასტურებს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც. წელს 3 საგანში 600-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა", - წერს ზაზა გამეზარდაშვილი.
წელს ჟაუტიკოვის სახელობის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც 21 სახელმწიფოს 80 -ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა. ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა 588 მოსწავლე.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლას 1 პირველი პრიზი, 1 მეორე პრიზი, 4 მესამე პრიზი და 3 საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.
გუნდის შემადგენლობა:
გუნდის ლიდერები: თეიმურაზ კალატოზი, საბა ლეფსვერიძე, მიხეილ სოხაშვილი.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: თეიმურაზ თოლორაია, ნიკა ბირკაძე, თამარ კორკოტაშვილი-მათემატიკა, გიორგი ძაძამია, ჯონი თოიძე-ფიზიკა, არჩილ ბასაძიშვილი, ლუკა მოსიაშვილი-ინფორმატიკა.
ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:
თეიმურაზ თოლორაია - მათემატიკა, ოქროს მედალი.
ნიკა ბირკაძე - მათემატიკა, ოქროს მედალი.
ანა ონოფრიშვილი - მათემატიკა, ოქროს მედალი.
ლუკა მუშკუდიანი - მათემატიკა, ვერცხლის მედალი.
ზაურ ბოკელავაძე - მათემატიკა, ვერცხლის მედალი.
გიორი ძაძამია - ფიზიკა, ვერცხლის მედალი.
არჩილ ბასაძიშვილი - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
გიორგი ჩხაიძე - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
თამარ კორკოტაშვილი - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.
ჯონი თოიძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
ლუკა კირთაძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
ლუკა კოპაძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
დავით მემარნიშვილი - ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი.
სკოლის პირველი გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს!