„ამ სიტუაციაში, რაც არის ირანში, პირველ რიგში, ჩავკეტავდი საზღვარს და არ შემოვუშვებდი არც ერთ ირანის მოქალაქეს საქართველოში“, – ეს განცხადება „მორბენალმა სტრიქონმა“ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში გააკეთა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უცხოელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, ამიტომ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შეფასებისა და შესავლის გარეშე გთავაზობთ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც მოიცავს 2005-2013 წლებში: 1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. 2. ბინადრობის ნებართვის გაცემის და 3. ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების სტატისტიკას.
პირველი - 2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა უცხო ქვეყნის 53 067 მოქალაქეს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის ბოლო წელს, ყველაზე ფართომასშტაბიანი „კუდის მოქნევის სპეცოპერაცია ჩაატარა“ და 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა უცხო ქვეყნის 9 626 მოქალაქეს.
სტატისტიკის თანახმად: 2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 37 462 რუსეთის მოაქალაქეობის მქონე პირს, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე (15 605 პირი) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან აგრეთვე თურქეთის (3 464 პირი) და ისრაელის (3 367 პირი) მოქალაქეები.
ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომამდე და აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა რუსეთის 3229 მოქალაქეს. თუ ვინმე განაცხადებს, რომ მოქალაქეობა ქართველებს მიენიჭა, აქვს, ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და ისიც სააკაშვილმა დიდი ზარ–ზეიმით გაახმოვანა.
2005-2013 წლებში თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელ თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველების უპრეცენდენტო რაოდენობას გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2013 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაახლოებით იმდენ თურქეთის მოქალაქეს, რამდენსაც ერთობლივად 2005-2012 წლებში.
მეორე – ბინადრობის ნებართვის გაცემა.
უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე, ასევე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. მუდმივი ბინადრობის სახეს წარმოადგენს ასევე საინვესტიციო ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, ასევე მისი ოჯახის წევრზე.
რაც შეეხება დროებითი ბინადრობის ნებართვას, ის შეიძლება გაიცეს მაგალითად საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის ან ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით, ასევე პირზე რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და სხვა. დროებითი ბინადრობის მოწმობა უცხოელებზე გაიცემა არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებზე კი – 3 წლის ვადით.
2005-2013 წლებში 40 100 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაიცა ბინადრობის ნებართვა, საიდანაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაცემულია 8791 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა – 31 309 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაცემის ყველაზე მეტი (2502 პირი) შემთხვევა 2010 წელს ფიქსირდება, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვების – 2012 წელს (6 426 პირი).
აქაც იგივე მდგომარეობაა, რასაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში ჰქონდა ადგილი: 2005-2013 წლებში ყველაზე მეტი მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე (5879), ხოლო ყველაზე მეტი დროებითი ბინადრობის ნებართვა – თურქეთის მოქალაქეებზე (7812). დროებითი ნებართვების მიღების რაოდენობის თვალსაზრისით გამოირჩვიან აგრეთვე ჩინეთის მოქალაქეები, რომელთა აქტივობა განსაკუთრებით შეინიშნება უკანასკნელ წლებში. 2011 – 2013 წლებში ყოველწლიურად ჩინელებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვების რაოდენობა 1300-დან 1800-მდე მერყეობს.
მესამე – ლტოლვილთა სტატუსის მინიჭება.
2005-2013 წლებში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 1300-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა, 30 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ძირითად რაოდენობას აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.
2005 წელს საქართველოში თავშესფარი მოითხოვა 23-მა მოქალაქემ, მიიღო – 7-მა. თავშესაფრის მაძიებელთა შორის იყვნენ რუსეთის 19 მოქალაქე, ირანის – 3, აზერბაიჯანის – 1.
2006 წელი – მაძიებელი 19, მიენიჭა – 5-ს. მაძიებელთა შორის იყო რუსეთის 14 მოქალაქე, ყირგიზეთი – 1, ნიგერია – 1, თურქეთი – 3.
2007 წელი – მაძიებელი 21, მიენიჭა- 8-ს. მაძიებელთა შორის იყო რუსეთის 16 მოქალაქე, აზერბაიჯანი – 1, ნიგერია – 1, თურქეთი – 3.
2008 წელი – მოთხოვნა – 33, მიენიჭა 17-ს. მაძიებელთა შორის იყო რუსეთი – 20, თურქეთი – 1, შრი-ლანკა – 3, ნიგერია – 1, ყირგიზეთი – 1, სომხეთი – 3, ერაყი – 4.
2009 წელი – მოთხოვნა 43, მიენიჭა – 6-ს. მაძიებელთა შორის იყო: რუსეთი – 14, აზერბაიჯანი – 1, ირანი – 7, თურქეთი – 2, უზბეკეთი – 1, უკრაინა – 1, შრი-ლანკა – 9, ერაყი – 1, სომხეთი – 6, პაკისტანი – 1.
2010 წელი – მოთხოვნა 57, მიენიჭა -5-ს. მაძიებელთა შორის იყო: რუსეთი – 32, აზერბაიჯანი – 6, ირანი – 4, კოტ-დივუარი – 4, ნიგერია – 4, უზბეკეთი – 3, უკრაინა – 2, კამერუნი – 1, ერაყი – 1.
2011 წელი – მოთხოვნა – 79, მიენიჭა 16-ს. მაძიებელთა შორის იყო: რუსეთი – 34, ირანი – 31, ნიგერია – 7, ნეპალი – 3, ტუნისი – 1, სერბეთი – 1, ავღანეთი – 1, ტაჯიკეთი – 1, ყირგიზეთი – 1,2012 წელი – მოთხოვნა – 559, მიენიჭა – 44-ს. მაძიებელთა შორის იყო: ერაყი – 443, რუსეთი – 36, ირანი – 42, უზბეკეთი – 1, სომხეთი – 5, აზერბაიჯანი – 3, კოტ-დიუვარი – 1, კამერუნი – 1, ყირგიზეთი – 5, ყაზახეთი – 3, მაროკო – 2, პაკისტანი – 3, სირია – 18, ეთიოპია – 1, ინდოეთი – 1, ეგვიპტე – 22, თურქეთი – 1, ბელორუსია – 1, სამხრეთ აფრიკა – 1, ავღანეთი – 2, კონგო 2, იორდანია – 1, რუმინეთი – 1, ბანგლადეში – 1, უკრაინა – 1, ლიბანი – 1.
2013 წელი – მაძიებელი 717, მიენიჭა – 31-ს. მაძიებელთა შორის იყო: აზერბაიჯანი – 4, ბანგლადეში – 9, ეგვიპტე – 80, ერაყი – 478, იორდანია – 3, ირანი – 26, ლიბანი – 3, მაროკო – 3, ნიგერია – 7, რუსეთი – 28, სიერა ლეონე – 1, სირია – 60, შრი-ლანკა – 6, თურქეთი – 3, უკრაინა – 2, უზბეკეთი – 2, ყაზახეთი – 2.
IDFI-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით: „ბოლო ორი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, მაძიებელთა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეიძლება აიხსნას საერთაშორისო მოვლენებით. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა და არსებულმა საომარმა მოქმედებებმა აიძულა ამ ქვეყნების მოქალაქეები დაეტოვებინათ საცხოვრებელი და თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემართათ სხვადასხვა სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის.
თვალსაჩინო მაგალითისათვის, 2005 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა. 2005 წელს თავშესაფარი 23 უცხოელმა ითხოვა, 2006 წელს – 19; 2007 წელს – 21; 2008 წელს 33; 2009 წელს – 43; 2010-ში კი 57. აქედან, უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეადგენდნენ.
ამ ფონზე, თვალშისაცემი გახდა ბოლო ორი წლის მონაცემების მკვეთრი ზრდა. 2012 წელს საქართველოს მთავრობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით 599 განმცხადებელმა მიმართა, მათ შორის იყო 443 ერაყელი წარმომავლობის მოქალაქე. წარმოდგენილი მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 44 განცხადება. 2013 წელს კი თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯამში 717 უცხოელმა ითხოვა მათ შორისაც ჭარბობდა ერაყელი წარმოშობის 478 მოქალაქე. აქედან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი 31 მოქალაქეს მიენიჭა.
ერაყის მოქალაქეების გააქტიურება თავშესაფრის ძიების მხრივ, კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს უკავშირდება. მათი უმრავლესობა მეორედ არის დევნილობაში, თავის დროზე ერაყში მიმდინარე კონფლიქტის გამო მათ დატოვეს თავიანთი ქვეყანა და მიიღეს თავშესაფარი სირიისგან, ხოლო სირიაში განვითარებული მოვლენების გამო მათ ამ ქვეყნის დატოვებაც და თავშესაფრის სხვაგან ძიება მოუხდათ“.
P.S. სტატიაში გამოყენებულია IDFI-ის მონაცემები.
მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა