11 ივნისს, 19:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის კონცერტს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას „ნიჭიერთა ათწლედის“ სოლისტები, კამერული ორკესტრი და გუნდი მიიღებს. დირიჟორი: ვახტანგ კახიძე; სოლისტები „ნიჭიერთა ათწლედის” წარმატებული მოსწავლეები, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები არიან: ანა ჭანია (ვიოლინო), რეზი ხაინდრავა (ჩელო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა).
პროგრამაში იქნება ა. ვივალდის, ი. ს. ბახის, ვ. ა. მოცარტის, ჯ. კაჩინის, ი. კლენგელის, ბ. ბრიტენის ა. ბოროდინის ნაწარმოებები.
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ისტორიაში ასეთი მასშტაბური კონცერტი პირველად ტარდება - ორკესტრის, გუნდის ყველა წევრი და სამივე სოლისტი სკოლის მოსწავლეა. სოლისტები არიან სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებული მოსწავლეები, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ანა ჭანია (ვიოლინო, პროფ. კონსტანტინე ვარდელის კლასი), რეზი ხაინდრავა (ჩელო, პროფ. თამარ გაბარაშვილის კლასი) და ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა, ას. პროფ. მერი ჟვანიას კლასი).
წლევანდელი წელი „ნიჭიერთა ათწლედისთვის“ ტრადიციულად, შემოქმედებითად აქტიური და მრავალფეროვანი იყო. სასწავლო წლის მანძილზე სკოლამ მსმენელს 70-მდე ჟანრობრივად და თემატურად განსხვავებული საღამო შესთავაზა, რომელიც მოიცავდა სამუსიკო სკოლის ყველა განყოფილების საჩვენებელ კონცერტს (სოლო, საანსამბლო კამერული, სიმფონიური კონცერტები) თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში, თეატრალურ სივრცეში, უნივერსიტეტების სააქტო დარბაზში, საჯარო სკოლასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ და სახალხო დღესასწაულებში, არაერთ საქველმოქმედო აქციასა და კონცერტში.
წლევანდელი წელი გამორჩეული იყო „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლებით საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზეც - მათი უმრავლესობა გრან პრისა და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.