მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გამაგებინეთ, იქნებ ვცდები: „რუსთავი-2" თავისუფალი, დამოუკიდებელი ტელევიზიაა?.. და, „რუსთავი-2"-ს ვინც იცავს, თითქოს სიტყვის თავისუფლებას რომ იცავს, „ნაცმოძრაობას" არ იცავს და „ნაცმოძრაობის" „სისხლი-სისხლთაგანი" და „ხორცი-ხორცთაგანი" არ არის?..
გასული საუკუნის 90-იანი წლები მახსენდება, სწორედ „იმ" ვაი-ქართველების, რომლებმაც კანონიერი ხელისუფლება დაამხეს და ქვეყანა დააქციეს, „სელექციურად" გამოყვანილი „ეს" ქართველები, სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრას არაფრად რომ დაგიდევენ, ყველაფერს გააკეთებენ - „ქვა-ქვაზე არ დარჩენილიყოს!.." მერე, მომავალ ცხოვრებას: ახია მაგაზე, მეტსაც იმსახურებდა-ო, იმ კაცსა და ხელისუფლებაზე ძახილში გაატარებენ, თავის დროზე თვალებში რომ შესციცინებდნენ, მესსია მოდისო, ხმამაღლა, „ყურთასასმენელის" საამებლად გაიძახოდნენ და, დანაშაულს, რომელიც იმისათვის ჩაიდინეს, დასანაყრებელი არ მისცეს და სავარძელი არ უბოძეს, უნამუსოდ მიივიწყებენ და საქართველოს სადღეგრძელოს დიდი პათოსით შესვამენ, თითქოს არაფერი მომხდარა და, თითქოს ქვეყნის დამაქცევარნი სხვები არიან და არა - ისინი - კეთილშობილის, ნამდვილი პატრიოტის მანტიას მოირგებენ და თვალებში უშნოდ არ ჩაგახედებენ - როგორ გეკადრებათ?! როგორ გვაკადრებთ?!
ჩვენ კიდევ გულხელი დავიკრიფოთ, „ფეისბუქში" ვიბაქიბუქოთ და, ქვეყანა თავზე რომ დაგვექცევა, ავდგეთ, საქართველოს სადღეგრძელო დიდი პათოსით ჩვენც შევსვათ, სხვაზე ნაკლები რით ვართ?!" - წერს მერაბ შათირიშვილი.