საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, „პრეზიდენტს აქვს კანდიდატების განმეორებით წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ, მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო".
„თუ დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ დაამტკიცა, ამის გამო ვწუხვარ. ვწუხვარ ორი მიზეზის გამო, რადგან სამივე წარდგენილ კანდიდატურას ჩემი ხმა ჰქონდა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე. ეს ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი მაქვს ვწუხდე, იმიტომ, რომ ამით უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი - ეს არ არის სასურველი მოვლენა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უკვე ორ თვეზე მეტია გაიწელა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს დაკომპლექტება მალე მოხდება.
„პრეზიდენტს აქვს განმეორებით კანდიდატების წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ, მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო. ყველასთვის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატები მსოფლიოში არ არსებობენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ. ასე ხერხდება ხშირად. მაგალითად, ერთი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხერხდა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა და ეს იყო სწორი. იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთანაც ამას როგორმე მოვახერხებთ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გუშინ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.