საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირს, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
„ბრალდებულმა თავადაც ახსენა სხდომაზე, რომ იყო იარაღის მოთხოვნა მესაზღვრეების მიმართ. ჩვენს მიერ წარდგენილი ბრალი სწორედ ამას გულისხმობს, რომ მოითხოვა იარაღი, ხელში ეკავა ყუმბარა და იარაღი. შესაბამისად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ითხოვდა იარაღს“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება, იძულება და მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გიორგი იჩუკაიძე 14 იანვარს დააკავეს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.