შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის აფხაზ და ოს საზოგადოებებთან დიალოგისთვის.
როგორც სახელმწიფო მინისტრი ამბობს, დიალოგი აუცილებელია ადამიანებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წასახალისებად, განათლების, ჯანდაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკითხების ირგვლივ. ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმა და სივრცე. შესაძლებელია, იყოს თბილისში, ან თუნდაც სოხუმში.
„ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მთავარი ღერძი გახლავთ, რომ უნდა აეწყოს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის დაუწერელი თავიც კი არის. იმიტომ, რომ არაერთი მოსაზრება, მათ შორის, არაფორმალურად, თუნდაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან განგვიხილავს კიდეც. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია, იყოს თბილისში ან თუნდაც სოხუმში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილის კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.