პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 31%-ით შემცირდა.
2019 წლის აპრილის მონაცემებით, იმპორტირებულა 5080 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან მხოლოდ 87 ერთეულია ელექტროძრავიანი, ანუ 2%-ზე ნაკლები.
დეპუტატის თქმით, მეტი ინიციატივაა საჭირო, რათა ელექტრომობილებისა და ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოსვლა წახალისდეს.
„ელექტროავტომობილების და ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციისთვის, პარლამენტმა 2016 წლიდან მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მაგრამ საბოლოოდ სტატისტიკა მაინც არა არის სახარბიელო. გვჭირდება უფრო მეტი ინიციატივები ელექტროძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს წილოსანი.
პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული ცვლილებით, ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე შემცირდა აქციზის გადასახადი 60%-ით. 2017 წლის ნოემბერში მიღებული ცვლილებებით აქციზისგან გათავისუფლდა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები. 2017 წელს ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-გან გათავისუფლდა მსუბუქი ავტომობილების და მოტოციკლების მიწოდება და იმპორტი, ან დროებით შემოყვანა, 2018 წელს ელექტროძრავიანი მიკროავტობუსების და ავტობუსების მიწოდება და იმპორტი გათავისუფლდა დღგ-გან.