logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახური ზურაბ ჯაფარიძეს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს
- +

11 ივნისი. 2016. 13:08


შემოსავლების სამსახური „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" თავმჯდომარეს ზურაბ ჯაფარიძეს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.



შემოსავლების სამსახური მოუწოდებს, ზურაბ ჯაფარიძემ წარმოადგინოს მის მიერ გამოთქმული ბრალდების მტკიცებულება ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.



შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებს ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. შესაბამისად, კანონის მოთხოვნა, დაუშვებელია, შეფასებულ იქნას როგორც „ველური საქციელი", როგორც ამას მედიის საშუალებით გავრცელებულ ინტერვიუში კანონმდებელი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს. ინტერვიუ შეიცავს რამდენიმე ცილისმწამებლურ და ამავე დროს, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებას შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ, რაც თავის მხრივ, მიმართულია აღნიშნული სამსახურის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციისა და ამ გზით, საქართველოს ეკონომიკის და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს დასუსტებისკენ.

 

განვმარტავთ: შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებს (როგორიც არის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა, ქონების დაყადაღება და ა.შ.) ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო დავალიანების მქონე გადამხდელთა მიმართ. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება განსაზღვრულია საგადასახდო კანონმდებლობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე - 254-მუხლები; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანება და ა.შ.).

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ დაედება საინკასო დავალება საბანკო ანგარიშებზე და არ დაუყადაღდება ქონება. აღნიშნული ღონისძიებები დავალიანების მქონე გადამხდელთა მიმართ ტარდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ქონებაზე ყადაღის დადება, არ ხორციელდება დავალიანების წარმოშობისთანავე.

 

ამასთან, გადამხდელს საშუალება აქვს, გადაავადოს საგადასახადო დავალიანება, რა დროსაც, უქმდება მის მიმართ გამოყენებული იძულებითი ღონისძიებები. დავალიანების გადავადებისა და გრაფიკის შედგენისთვის, გადამხდელს ეძლევა უფრო მეტი შესაძლებლობები. კერძოდ, 2014 წლის დეკემბერში, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 5000 ლარამდე დავალიანების მქონე გადამხდელებს, შესაძლებლობა აქვთ გადაავადონ საგადასახადო ვალდებულებები ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. შესაბამისად, გადამხდელთან ფორმდება გადახდის გრაფიკი, ასევე, 2013 წლიდან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გრაფიკის გაფორმება შესაძლებელი გახდა გარდა საბანკო/სადაზღვევო გარანტიისა, გადამხდელის ქონების უზრუნველყოფით ან თავდებობით. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობის აღნიშნული ნორმა რეალურად ამოქმედდა და სულ უფრო მეტი გადამხდელი სარგებლობს ამ შესაძლებლობით. შედეგად, მივიღეთ ის, რომ თუ 2010-2012 წლებში, სულ გაფორმებული იყო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება 147 გადამხდელთან 6 276 295 ლარის ოდენობის დავალიანებაზე, 2013 წლიდან დღემდე, გადამხდელთა რაოდენობამ, რომლებმაც ისარგებლეს აღნიშნული შესაძლებლობით, შეადგინა 3960, ხოლო გადავადებული საგადასახადო დავალიანების თანხამ 185 450 514 ლარი.

 

ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით, გადამხდელს საშუალებას აძლევს გააფორმოს საგადასახდო შეთანხმება. რამდენიმე დღის წინ, საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილების თანახმად, კიდევ უფრო მეტ პირს ჩამოეწერება საგადასახადო დავალიანება.

 

საგადასახადო კოდექსში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სადაო საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის კუთხით. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, სადაო საგადასახადო დავალიანების არსებობისას, ყადაღა ედებოდა გადამხდელის საბანკო ანგარიშებს. 1 ივნისს შესული ცვლილების მიხედვით, აღნიშნული ღონისძიება განხორციელდება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც შეიქმნება ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს დავალიანების გადახდას. ამასთან, აღნიშნული განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს დასტურით.

 

ასევე, 2012 წლის დეკემბრიდან შევიდა ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობიდან ამოღებული იქნა ნორმა, რომელიც უფლებას აძლევდა საგადასახადო ორგანოს განეხორციელებინა იძულებითი ღონისძიებები პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის წაგების შემთხვევაში. 2013 წლიდან დღემდე, იმ საქმეების რაოდენობა, რომლებიც სასამართლოს პირველ ინსტანციაში მთლიანად ან ნაწილობრივ დამთავრდა საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ და ამ ცვლილების შედეგად არ იქნა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 400-ზე მეტია, ხოლო დავალიანების თანხა - 200 000 000 ლარზე მეტი.

 

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ: დეპუტატმა ზ. ჯაფარიძემ წარმოადგინოს მის მიერ გამოთქმული ბრალდების მტკიცებულება ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შემოსავლების სამსახურის მიმართ გამოთქმული ცილისმწამებლური განცხადების გამო", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner