logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს
- +

17 იანვარი. 2020. 11:54

 

 

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარდაბანში, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული თბოელექტროსადგური ეფექტიანი და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემისთვის.

 

„ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას 1 მილიარდ 100 ათასამდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და სისტემის მდგრადობისთვის გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ამასთან, გიორგი გახარიას შეფასებით, რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სფეროში ატარებს, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„საქართველო თუ არის დღეს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა სტაბილური, მდგრადი სხვადასხვა ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით და არის აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროკავშირისთვის, მეზობლებისთვის, ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ის ამოცანები, რომლებიც ენერგოსისტემის წინაშე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს წინაშე დგას და ამოცანები, რომლებიც დგას საქართველოს მთავრობის წინაშე“,  – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

ამასთან, გიორგი გახარიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა უწყებასა და პირს მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო – ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროს და, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ კოლეგებს, რომლებმაც ფაქტობრივად რეკორდულ ვადებში, დაახლოებით ორ წელიწადში ნავთობის და გაზის კორპორაციასთან ერთად, დაასრულეს ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი, დღეიდან უკვე ჩართულია და ჩვენს ენერგოსისტემას დაემატა 230 მგვტ დამატებითი სიმძლავრე. ასევე მადლობა თითოეულ მუშას, რომელიც აქ მუშაობდა, ინჟინერს, ჩვენს სტუმარს ჩინეთიდან, ქართველებს, მშრომელებს, ყველას გილოცავთ ამ დღეს და რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი და ასეთი ძლიერი ნაბიჯები ჩვენს გენერაციაში კიდევ ბევრი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner