უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
გონჩარუკი პოსტიდან გადადგომას მთავრობის სხდომის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებას უკავშირებს. მისი განცხადებით, აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი პატივს არ სცემენ პრეზიდენტ ზელენსკის.
„მე თანამდებობაზე მოვედი, რათა შემესრულებინა პრეზიდენტის პროგრამა. ის ჩემთვის ღიაობის და წესიერების მაგალითია. რათა თავიდან ავიცილო პრეზიდენტის მიმართ ჩვენს პატივისცემასა და ნდობაზე ნებისმიერი ეჭვი, დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და გადავეცი პრეზიდენტს პარლამენტში წარსადგენად“, - აცხადებს გონჩარუკი.
15 და 16 იანვარს YOUTOBE-ზე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც თითქოს პრემიერი გონჩარუკი ესაუბრება უკრაინის ფინანსთა მინისტრს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს და სხვა მაღალჩინოსნებს და არცთუ დადებიათად მოიხსენიებს პრეზიდენტ ზელენსკის.