logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: სამშვიდობო პროცესში მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს
- +

17 იანვარი. 2020. 17:05

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის თაობაზე გზავნილებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაერთ ნაბიჯს დგამს, რათა კონტაქტები გაფართოვდეს.

 

ციხელაშვილის თქმით, მხოლოდ მისასალმებელია, თუ აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგის შესახებ მზაობა იქნება.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაც ბოლო დღეებში აფხაზეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და გარკვეულ გზავნილებს უკავშირდება, კერძოდ, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის თაობაზე. ჩვენი პოლიტიკისთვის ეს სიახლე არ არის, არაერთხელ გახლავთ გაცხადებული. მეტიც, ჩვენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, რათა დიალოგი, კონტაქტები გაფართოვდეს. თუკი იქნება ამის მზაობა, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან, რა თქმა უნდა, დიალოგს, მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესში არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

მინისტრის განმარტებით, გარკვეული კონტაქტები ახლაც არსებობს, თუმცა, აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგის გაფართოებას ისურვებდა.

 

„რაც შეეხება ფორმებს და ფორმატებს, აქ არსებობს ძალიან დიდი სივრცე და მოქნილობა. ჩვენ წარსულშიც გვქონია გამოცდილება. არსებობს სხვადასხვა პრაქტიკა და ეს ყველაფერი ძალიან მოგვარებადია. მიმდინარე რეჟიმშიც არსებობს გარკვეული კონტაქტები, თუმცა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს კონტაქტები და დიალოგი გახდეს უფრო ფართო, მეტი შინაარსით დატვირთული. თემებს რაც შეეხება, აქაც ძალიან მოქნილი სივრცე არსებობს. საერთოდ, ჩვენი ჩართულობის პოლიტიკით, შერიგების პოლიტიკით და, მათ შორის, განსაკუთრებით ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ღერძი გახლავთ ის, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ხალხთა შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემო, თემები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე, აქ არის სივრცე დიალოგისთის. პირველი ამოცანა გახლავთ ის, რომ დღეს არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდეს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდეც. ეს ჩვენი მოსახლეობაა და, ბუნებრივია, ჩვენი ინტერესია, რომ მათ გავუზიაროთ ყველა შესაძლებლობა, რაც საქართველოს სხვა მოქალაქეებს აქვთ, და იცით, რომ ამას ვაკეთებთ. მეორე არის ნდობის მშენებლობა, შერიგება ჩვენს საზოგადოებებს შორის, რადგან ეს მშვიდობისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner