logo_geo
eng_logo
სოციალური მუშაკების ხელფასები გაიზარდა და მინიმუმ 1200 ლარს შეადგენს
- +

17 იანვარი. 2020. 20:03

 

 

ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. 

 

არჩილ თალაკვაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ორასამდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიტყვითაც მიმართა და სოციალური მუშაკის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაობის შესახებ მიღებულ კანონზეც, რომელმაც მუშაკებს მეტი დამოუკიდებლობა და შესაძლებლობები შეუქმნა.

 

„საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, რის შედეგადაც თქვენი საქმე და ფუნქციები უფრო მკაფიოდ განისაზღვრა და მოგეცათ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი გარანტიები და შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი საქმე, რასაც სოციალური სამუშაო და სოციალური მუშაკის ფუნქცია ჰქვია, ასევე 2020 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა თქვენი ანაზღაურება და ის მინიმუმ 1200 ლარს შეადგენს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული და შესაბამისად, მასში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების მნიშვნელოვანი საქმიანობაც.

 

არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, სოციალურ მუშაკებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაგრძელდება მუშაობა მათი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. მისი შეფასებით, წლების განმავლობაში, სოციალური მუშაკების ანაზღაურება არ იყო იმ შრომის ადეკვატური, რომელსაც ისინი ასრულებდნენ.

 

„ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს სპეციალური საჭიროებები, ასევე ბავშვები, ხანდაზმულები, წამალდამოკიდებული პირები, ადამიანები, ძალადობის მსხვერპლნი და მოქალაქეები, ვინც ჯერ კიდევ სიღარიბეში რჩებიან თქვენს დახმარებას და მომსახურებას ძალიან საჭიროებენ და მჯერა ამ მისიას წარმატებით შეასრულებთ მომავალშიც. ხშირად თქვენ ხართ პირველები, ვინც ამ ადამიანებთან მიდიხართ და ეხმარებით. ძალიან ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და კარგად მახსოვს წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დაეხმარეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალურ მუშაკთა საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, პროფესიული განვითარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ამ კუთხით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გახსნა. მისი განმარტებით, სოციალური მუშაკი არის სახელმწიფოს ის რგოლი, რომელიც ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე დაჩაგრული ადამიანების დაცვისთვის არის შექმნილი.

 

 

„უმნიშვნელოვანესია დაცული გვყავდნენ თვითონ ის ადამიანები თავად, ვინც სხვებს იცავენ, უმნიშვნელოვანესია ვიზრუნოთ, როგორც ბენეფიციარებზე, ასევე სოციალურ მუშაკებზე. ახალმა კანონმა შექმნა ის სამართლებრივი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებას, თუმცა კანონის მიღება ერთი საქმეა, მისი განხორციელება კი მეორე. ჩვენ ვიცით, რომ ორი მნიშვნელოვანი რამ სჭირდება თითოეულ რეფორმას - ეს არის ადამიანური და მატერიალური რესურსი. იმისთვის, რომ ეს რეფორმა ჯეროვნად განგვეხორციელებინა გვჭირდებოდა თანხების მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში და ასევე სოციალური მუშაკების შესაბამისი რაოდენობა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ბენეფიციარებს. ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტა გრძელი გზით წავსულიყავით.

 

2018 წელს, როცა კანონი მივიღეთ, მალევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერა ყველა შესაბამისი სამინისტროს ის ნაბიჯი, რომელიც 2025 წლამდე უნდა დავასრულოთ და მაშინვე განვსაზღვრეთ სოციალური მუშაკის რაოდენობის მატება ყველა სამინისტროში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე სოციალურ მუშაკთა ხელფასები და გარანტიები“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, პირველი ხელშესახები შედეგები 2020 წლის 1 იანვრიდან სახეზეა - სოციალურ მუშაკებს 20 იანვრისთვის ჩაერიცხებათ პირველი მომატებული ხელფასი, რომლის ოდენობაც 1200 ლარია. მისი თქმით, აღნიშნული ოდენობა 2025 წლამდე გაორმაგდება. „წელს პირველად გვეყოლება სოციალური მუშაკები ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში. ეს განტვირთავს იმ მძიმე დღის განრიგს, რომელიც აქვს თითოეულ სოციალურ მუშაკს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner