„საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა მკაფიოდ დაასახელა საფრთხეები, რაც მომდინარეობს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ხაზი გაუსვა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელება“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ კელი დეგნანის მიერ ფიცის დადების დროს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
მისი თქმით, კელი დეგნანის მთავარი გზავნილი იყო, რომ ის გააკეთებს ყველაფერს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და განსამტკიცებლად.
„როდესაც ის ჩამობრძანდება საქართველოში, გავაცნობთ პრიორიტეტებს, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-სთან, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ.
ახალმა ელჩმა მის მიერ დასმულ აქცენტებში ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ის ძირითადი სფეროები, სადაც თანამშრომლობენ საქართველო და აშშ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში. მან ასევე ძალიან მკაფიოდ დაასახელა საფრთხეები, რაც მომდინარეობს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ხაზი გაუსვა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის თავდაცვის, უსაფრთხოების, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელება“, – განაცხადა ბერაიამ.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა კელი დეგნანის გამოსვლის იმ ნაწილზეც, სადაც ახალი ელჩი საქართველოში 2020 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. კერძოდ, როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია.
„რა თქმა უნდა, აქ გასაკვირი არაფერი არ არის, საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ და ჩატარდება კიდეც, ეს არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.