საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე. ამის შესახებ გურამ ნიკოლაშვილმა „POSTV“-ის თოქ-შოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ ისაუბრა.
„კვლევა არის არა არსებული მოცემულობის ასახვა, არამედ ამ მოცემულობაზე ზემოქმედების და მანიპულაციის ინსტრუმენტი. რამდენიმე ათეულ გვერდიან კლვევას ვერცერთი ტელევიზია ვერ გააშუქებს ამომწურავად. ეს კვლევა შეფუთულია, ვითომ აკადემიური ნაშრომი, შემდეგ მისგან მანიპულაციურად ხდება მოცემულობების განზოგადება, ამის შემდეგ იწყება სატელევიზიო პროდუქცია და პოლიტიკოსების განცხადებები“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, რაც არ უნდა მიაჩნდეს კვლევის ავტორს, რომ პირუთვნელად და სწორად ატარებს კვლევას, როცა მისი მიზანი დეკლარირებულია - საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა და გაძლიერება, ამის მიუხედავად, შედეგობრივად თესავს ნიჰილიზმს, ნიჰილიზმი ვერასდროს მოემსახურება დემოკრატიის გაძლიერებას.
როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, კვლევასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი კითხვა. მაგალითად, რატომ არის დავით ბაქრაძე მუდმივად რეიტინგების სათავეში, რატომ არ არის კითხვარში გიგა ბოკერია, რატომ ვერ მოხვდა გაერთიანება „ლელო“, რომლის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე იმ კომპანიის („CRRC“) სამეურვეო საჭოს წევრია, რომელიც NDI-ის დაკვეთით, საველე სამუშაოებს ატარებს.
„დავით ბაქრაძე რომ მუდმივად რეიტინგის სათავეშია, ეს კითხვა არის მარტივად დასმული - როგორ აფასებ ადამიანს - დადებითად თუ უარყოფითად. კეთილგანწყობის ინდექსი მედიაში ითარგმნება სიმაგრის და სიძლიერის ინდექსში, რაც არასწორია. ეს არის ის სფერო, სადაც კვლევის ავტორები იყენებენ დაშვებული მანიპულაციის საშუალებას. როცა NDI კითხულობს, შეიცვალა თუ არა 2012 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება, რატომ არ იხსენებს 2008 წელს და რატომ ადარებს 2019 წლის შედეგებს 2014-ის, 2016-ის და არა 2009-ის შედეგებს“, - აცხადებს ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პროპაგანდისტული ინსტრუმენტი და მანიპულაცია ნარჩუნდება.
„ჩვენ ეს ისტორია გვახსოვს, საიდან იწყება. პროპაგანდისტული ინსტრუმენტები რაც წინა ხელისუფლებას გააჩნდა და შემდეგაც შეინარჩუნა, მათ დაამკვიდრეს ეს მანიპულაცია. როგორ მოვყევი, რა აქცენტით, რის საჩვენებლად, ეს იყო მთავარი რაც გვაღიზიანებდა და „ქართული ოცნების“ უნდობლობაც კვლევების მიმართ იქიდან იღებს სათავეს“, - აცხადებს ნიკოლაშვილი.
გადაცემის წამყვანის შალვა რამიშვილის თქმით, კვლევა ნაცმედიას საფუძველს უმზადებს აჟიოტაჟის ასატეხად, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს.
„კვლევაში არის ძალიან დიდი აცდენა, ძალიან დიდი წილია იმ ადამიანებისა, რომლებიც არ პასუხობენ, ველზე მუშაობს კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც არის ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლე. გარდა ამისა, თურმე სამეურვეო საბჭოშიც უკვე ერთ-ერთი პარტიის ლიდერია და ამას არ იმჩნევენ. ჩვენს თვალწინ ყოველ წელს და წელსაც ვითარდება დრამა, რომ საზოგადოებრივი კვლევა იქცევა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების იარაღად“, - ამბობს შალვა რამიშვილი.