logo_geo
eng_logo
რა ეპიდემიას აანონსებს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის სანაპიროზე?
- +

11 ივნისი. 2016. 15:21


შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური, მორბილ-ვირუსის საფრთხეს აანონსებს. წყალმა უკვე 50-მდე მკვდარი დელფინი გამორიყა, რაც 2011 წლის შემდეგ, საქართველოში დელფინების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეროვნული სააგენტოს პოზიციას არ იზიარებს დელფინარიუმის მენეჯერი ტარიელ წეროძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი. მათი პოზიციით, პანიკა გადაჭარბებულია და უსაფუძვლო ვარაუდები, მყარი არგუმენტების გარეშე, შესაძლებელია, დელფინების სიკვდილის მთავარი მიზეზების გადაფარვას ემსახურებოდეს.


ზურაბ გურიელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი:


„მტკიცებულება ასეთ ფორმაში, როდესაც არ ჩატარებულა შესაბამისი ანალიზები, ცოტა ნაჩქარევია. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ვირუსი იყოს, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება. პირველ რიგში, ეს არის აუტოფსია, ცხოველის გაკვეთა, მაგრამ ვირუსის შემთხვევაში ეს ყოველთვის პასუხს არ იძლევა. არსებობს ლაბორატორიული ანალიზი და სწორედ ამის შემდეგ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ახალი დაღუპული იყო, და ცხოველი, შესაბამისად, ახალია, გამოვლინდება ვირუსი. ზედმეტი პანიკა არავისთვის სასარგებლო არ არის".


გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე მორბილ-ვირუსზე საუბრისას 2007 წელს ისრაელში ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევას ეყრდნობა და 2007 წლისა და 2016 წლის შემთხვევების კლინიკური სიმპტომების იდენტურობას უსვამს ხაზს:


„ჩვენ დაღუპულ დელფინებს მარტის პირველი რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე აღვრიცხავთ. მერე, ფაქტობრივად, წყდება დელფინების გამორიყვა. ეს ემთხვევა ვეგეტაციის პერიოდს შავ ზღვაში. ვვარაუდობთ, რომ გამორიყვები განპირობებულია ვირუსული ინფექციით, რომელსაც ამყარებს გარემოება, რომ 2007 წელს, ისრაელის ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ სპეციალური მასალა, სადაც დამუშავდა სინჯები და საქართველოს წყლებში მორბილ-ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა. ჩვენ არა მარტო გადავგზავნეთ ქსოვილები, ეს იყო თავის ტვინი, გული, ელენთა, სისხლი, ღვიძლი, ფილტვები, ასევე, სპეციალურ ქილებში სპეციალური ხსნარით დავამუშავეთ. ასევე, აღვწერეთ ამ ინფექციის მთელი კლინიკა, როგორ ხდება გამორიყვა, როგორ ქცევებს ავლენს და რასაც დღეს ვნახულობთ, ანალოგიური სურათია. ამაზე მარტო ჩვენ არ ვმუშაობთ, ამაზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. ჩვენ გვაქვს მათთან კონტაქტი და ისინიც იმავე განცხადებებს აკეთებენ და ზუსტად იგივე ინფორმაცია მოგვდის მათგანაც", - განაცხადა გუჩმანიძემ.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ირწმუნება, რომ საქართველოში მორბილ-ვირუსის დადგენის შესაძლებლობა არც ერთ ლაბორატორიას არ გააჩნია, კვლევის ჩატარების ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე საუბრობს და ლუგარის ლაბორატორიაში სინჯების გაგზავნას გეგმავს.


დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თავის მხრივ, ამაყობს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, მესამე დონის ლუგარის ლაბორატორია აქვს და ეს ასეცაა, თუმცა შოკისმომგვრელია პასუხი, რომ ცხოველები და ცხოველის ვირუსები მათი საქმე არ არის,  მაშინ როცა ჯილეხსა და ქათმის გრიპს იკვლევენ.


არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი „პრაიმტაიმს" ესაუბრა:


- ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ ჩვენი რესურსი შევქმნათ, რომელიც იქნება სიცოცხლისუნარიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მთელი რიგი დაავადებების იდენტიფიცირებას, რადგან აქ მარტო მორბილვირუსი არ შეიძლება იყოს. სხვა ბევრი დაავადებაცაა. ახლა საქართველოში ძუძუმწოვრების კვლევის ლაბორატორია არ არსებობს, გარემოს ეროვნული სააგენტო იღებს ამას საკუთარ თავზე და რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. ჩვენ გვაქვს მონიტორინგის ქსელები, ზღვაშიც ვაკეთებთ კვლევებს, ახლაც გავაკეთეთ მასშტაბური კვლევა, ბიომრავალფეროვნებას, გამორიყვებს ვიკვლევთ და ვითვლით, მაგრამ აუცილებელია ამ უნარების გაძლიერება, რომ უფრო სრულყოფილად შევძლოთ მუშაობა.


- ვეტერინარული სამსახური არ იკვლევს ამ ვირუსს?


- ვეტერინარული სამსახური ასეთ თემატიკაზე ჯერჯერობით ვერ მუშაობს.


- და ლუგარის ლაბორატორიისთვის ხომ არ მიგიმართავთ?


- ჩვენ ვფიქრობთ, მივმართოთ მათ, ქსოვილები გადავუგზავნოთ და ვიმუშაოთ ეროვნული რესურსებით, რომ იდენტიფიცირება სრულად შევძლოთ. დიდი ალბათობით, დავდებთ მორბილ-ვირუსს.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე არჩილ გუჩმანიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტს შეუძლია გამოიკვლიოს დელფინების დაღუპვის მიზეზი, თუმცა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ:


- ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ილიას უნივერსიტეტს აქვს ამის შესაძლებლობა, აქვს შესაბამისი ლაბორატორია და თუნდაც ეს არ იყოს, ახლა ილიას უნივერსიტეტი ატარებს კვლევას ფრინველის გრიპთან დაკავშირებით, რომლის მეთოდოლოგიაც დიდად არ განსხვავდება მორბილ-ვირუსის გამოკვლევის მეთოდოლოგიისგან. კვლევის შესაძლებლობა არის და ვატარებთ კიდევაც, მაგრამ ჯერჯერობით საგანგაშო შედეგი არ გვქონია. როდესაც დაღუპულ დელფინებს ვნახულობთ, ვუტარებთ აუტოფსიას, შესაბამისად, ვადგენთ, რით დაიღუპა და ჩვეულებრივად ვიღებთ შესაბამისი ანალიზისთვის მასალას.


გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე ვარაუდობს, რომ მორბილ-ვირუსის მეორე ნაკადი სწორედ 2016 წელს იქნება და 2011 წლის დელფინების სიკვდილიანობას გადააჭარბებს. უნდა აღინიშნოს, რომ მორბილ-ვირუსის დროს სახეზე გვაქვს დელფინების მასობრივი ხოცვა. არჩილ გუჩმანიძე აღიარებს, რომ მასობრივ ხოცვას ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, თუმცა არის მოლოდინი, რომ შემდეგ თვეებში მსგავსი ფაქტები აუცილებლად იქნება.


ვირუსის შესახებ საფუძვლიანი კვლევები არ არსებობს და არც ისაა ცნობილი, გადადის თუ არა ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ მორბილ-ვირუსით ადამიანის დაინფიცირების არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა, არასაკმარისი კვლევები გვაიძულებს, სიფრთხილეს თავი არ ავატკივებინოთ და მოვერიდოთ დახოცილ დელფინებთან კონტაქტს, მით უმეტეს მაშინ, როცა ცხოველის ლეში სხვა დაავადებების პოტენციური გამავრცელებელიცაა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner