უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის ვარაუდით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროკომისია ევროპული საბჭოს 17-18 მარტს ჩანიშნულ სხდომამდე წარადგენს.
როგორც ბოძაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმისთვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს, დარჩენილია მხოლოდ ერთადერთი პროცედურა, რომელიც ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალიდან სიტყვა "საქართველოს" ამოღებას ითვალისწინებს.
"იმისთვის, რომ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, საჭიროა 539-ე რეგულაციის დანართიდან მოხდეს ერთადერთი სიტყვის - "საქართველოს" ამოღება. დანართი მოიცავს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სჭირდებათ ვიზა. როგორც კი აღნიშნული დანართიდან სიტყვა "საქართველო" იქნება ამოღებული, ჩვენს ქვეყანას შეეძლება ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის განხორციელება", - განაცხადა ბოძაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ მარტში, ბრიუსელში ჩანიშნულ, ევროპული საბჭოს სხდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკითხი ზოგადად შენგენის მომავალ ბედს შეეხება.
"როგორც იცით, 7 მარტს, თურქეთთან ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება ზოგადად შენგენის ბედი - შენგენის პრობლემა დღეს ძალიან სერიოზულად დგას. ასე რომ, 7 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ისე როგორც მნიშვნელოვანი თარიღებია 10 და 17-18 მარტი, როცა ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომებია ჩანიშნული. მე ველოდები, რომ სწორედ 17-18 მარტის ევროპული საბჭოს სამიტზე გაიტანს ევროკომისია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს და შესაბამისი რეგულაციიდან მოხდება სიტყვა "საქართველოს" ამოღება, რის შემდეგაც ჩვენ უვიზოდ ვიმოგზაურებთ", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
ლევან ბოძაშვილმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინასთან მიმართებაში ასოცირების შესახებ შეთანხმების ჰოლანდიის მიერ რატიფიცირების პრობლემა დგას.
"დღეს უკრაინასთან მიმართებაში პრობლემა არის ის, რომ ასოცირების შესახებ რატიფიცირებას არ ახდენს ჰოლანდია, რომელსაც ეს საკითხი 6 აპრილს რეფერენდუმზე გააქვს, მაგრამ ვინაიდან მარტის განმავლობაში უნდა მოხდეს ევროპული საბჭოს სხდომაზე სავიზო საკითხების გატანა და ჰოლანდიელებსაც მაინცდამაინც დიდი სურვილი არ აქვთ, რომ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას მხარი დაუჭირონ, ამიტომ, ევროკავშირმა ჩათვალა, რომ უმჯობესია უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადაიდოს, რათა აპრილის რეფერენდუმზე ამან გავლენა არ იქონიოს", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.