„ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, ვაშინგტონის მთავრობის პოზიცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ როგორც ელჩის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ამერიკელი კონგრესმენის წერილს შეეხებოდა.
მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების შეფასება არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და უსაფრთხოების სფეროში არის აშშ-ის ერთ-ერთი საიმედო მოკავშირე რეგიონში.
„ამ კონკრეტული კონგრესმენის განცხადება უკავშირდება კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას. სახელმწიფოს ამ კომპანიასთან იცით, რომ აქვს მიმდინარე დავა. შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს საკითხი განიხილება. დაველოდოთ შედეგებს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო თავის ინტერესებს ამ დავაში დაიცავს. რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონისა და მთავრობის პოზიციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ როგორც ელჩის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. ასევე გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს ამერიკაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.