იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავად მას დააბრალოს. ამის შესახებ ანრი ოხანაშვიომა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად ვახტანგ რობაქიძე ამბობს, რომ მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.
„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას მათ, ვინც ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოინანიოს, რაც განახორციელა, ის შეკვეთით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ასევე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ეს ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას კიდევ უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.