logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნა ეროვნული საქმეა
- +

20 იანვარი. 2020. 17:39

 

„საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნით ეროვნული საქმე გაკეთდა. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენს თაობასაც მიეცა  შესაძლებლობა, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდამჭერები და მონაწილეები. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ და მეტ განვითარებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფოლკლორის დარბაზის გახსნაზე განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და მათთან ერთად, საზოგადოებას ფოლკლორის დარბაზის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს გახსნილ ახალ სივრცეში საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა - ფოლკლორის ოქროს ფონდი განთავსდება.

 

„ბევრ ადამიანს უკითხავს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ქართული მუსიკა, საგალობლები, მრავალხმიანი სიმღერა საუკუნეების განმავლობაში ისე შემოინახა ქვეყანამ, რომ ის  ჩანაწერის სახით არ ყოფილა სადმე დაცული. ამაზე ბევრი სხვადასხვა პასუხი მომისმენია.  რეალურად ამ ყველაფრის შენარჩუნება და აღდგენა მოხერხდა იმიტომ, რომ ის არის ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი, მოხერხდა იმიტომ, რომ მას ღირსეული მამულიშვილები ინახავდნენ და ასწავლიდნენ თაობებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ ქართული ფოლკლორის, ლიტერატურისა და კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობა გაგრძელდება და „ ჩვენი ფოლკლორი, ლიტერატურა, კულტურა კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი მსოფლიო საზოგადოებისთვის“.

 

არჩილ თალაკვაძემ  ფონდს „ქართული გალობა“ და ღვინის კომპანია „შილდას“ ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმის დაფუძნებისა და სივრცის ინფრასტრუქტურული განახლების ფინანსური უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარებაში ჩხარტიშვილების ოჯახის და ანზორ ერქომაიშვილის განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. მისივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკის განახლებაში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. არჩილ თალაკვაძემ ბიბლიოთეკის თანამშრომლების შრომის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და პარლამენტის სახელით, მათ პატივისცემა დაუდასტურა.

 

ფოლკლორის დარბაზში, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდა,  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები მოიყრის თავს. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე, შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერსებული პირებისთვის კი, სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner