ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონების შესახებ პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიღწეულ კონსენსუნსს მიესალმება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს იტალიაში, ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით წარსდგა. თავის გამოსვლაში თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დადებით მხარეებზე და მიმოიხილა პრეზიდენტის ის სამი შენიშვნა, რომელიც ვეტოს დაედო საფუძვლად.
იუსტიციის მინისტრმა აცნობა ვენეციის კომისიას, რომ პრეზიდენტის სამივე შენიშვნა გაითვალისწინა პარლამენტმა და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება არ მიიღო. მინისტრმა კომისიის წინაშე დააყენა საკითხი, რომ ქვეყნის შიგნით მიღწეული კონსენსუნსის შესახებ ინფორმაცია საბოლოო დასკვნაში ასახულიყო, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. მან ასევე მოითხოვა დასკვნის ერთი აბზაცის ამოღება (ნ 64), რადგან ის წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონდებლობასთან, რაც ასევე დაკმაყოფილდა. მინისტრის ამ მოთხოვნებს ასევე დაეთანხმა პრეზიდენტის წარმომადგენელი ლევან ბოძაშვილი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა, უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მთავრობამ დაპირების მიუხედავად არ გადაგზავნა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კანონის მიღებამდე და თან პარლამენტმა შეიმუშავა ისე სწრაფად, რომ ორ დღეში ორი მოსმენა გაიმართა. პასუხად ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ეს გარემოებები მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ეს უკვე წარსულია და განაცხადა, რომ ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს მიღწეულ კონსენსუსს ულოცავს.
ვენეციის კომისიის 27 მაისის წინასწარი დასკვნა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ერთხმად იქნა დამტკიცებული.