10 ივნისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დაბადებიდან 260 წლისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, კონცერტზე სწორედ ამ კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ტარდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 10 – 13 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში იმართება.
ფესტივალში, თ. ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობენ - ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი, ასევე, ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენ აისო (იაპონია), რაფალ ლუკი (პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგი ხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდება მოცარტის, ბეთჰოვნის, შოპენის, შუმანის, ბრამსის, ლისტის, ვაგნერის, ბოკერინის, დებიუსის, რახმანინოვის, ფრანკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები.