დღევანდელ დღეს საქართველოში, საუბედუროდ, ავტორების უფლებები სერიოზულად ირღვევა. მათ საქპატენტი არ აძლევს საშუალებას, რომ გაერთიანდნენ რომელიმე ალტერნატიულ ორგანიზაციაში, რომელიც შეძლებდა მათი უფლებების ჯეროვნად დაცვას. შედეგად კი ის სიტუაცია გვაქვს, რომ ავტორთა დაახლოებით 80 პროცენტის უფლებები დარღვეულია და გიგა კობალაძის, ეგრეთ წოდებული საავტორო უფლებების ასოციაცია დღემდე ძარცვავს ავტორებს. საქპატენტი, სამწუხაროდ, ავტორების უფლებების დაცვის მაგიერ იცავს ბატონი გიგა კობალაძის და მისი ასოციაციის უფლებებს. ეს მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.
საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა სილჯა ფიშერმა ამასწინათ კარგად გარკვეული ენით მოსწერა ქართველ უფლებამფლობელთა ასოციაციის გენერალურ დირექტორს თამარ გვარიშვილს, რომ არ შეიძლება მონოპოლიურად მოხდეს საავტორო უფლებების დაცვა. ეს არის ადამიანის და ავტორთა უფლებების უხეში დარღვევა.
ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ და პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა გააკეთონ რეაგირება, რადგან ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება და მისი შრომის უფლება - არა მხოლოდ ხელოვნების სფეროში. საავტორო უფლებების დარღვევა ვრცელდება აგრეთვე ესეისტებზე და ჟურნალისტებზეც. ეს საგანგაშო სიტუაციაა.
ახლა გთავაზობთ ქალბატონი სილჯა ფიშერის წერილის თარგმანს უცვლელად.
--------------------------------------------------------------------------------------------
International Music Council-ის აღმასრულებელი მდივნის, სილჯა ფიშერის წერილი საქართველოს უფლებადამცველთა ასოციაციის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ თამარ გვარიშვილს:
ძვირფასო ქალბატონო თამარ,
ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი თხოვნა და მზად ვართ ვუპასუხოთ მას. საერთაშორისო მუსიკალური საბჭო (IMC) UNESCO-ს ეგიდით ჩამოყალიბდა 1949 წელს და გახლავთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიულ და თუ სამოყვარულო მუსიკალურ ორგანიზაციებს. IMC-ს მთავარი მიზანი გახლავთ რომ ხელი შეუწყოს მუსიკის განვითარებას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. IMC წარმოდგენილია მთელს მსოფლიოში საკუთარი რეგიონალური ოფისებით ევროპაში, აფრიკაში, არაბულ სამყაროში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და ოკეანიაში. დღეისათვის IMC შედგება 76 ნაციონალური კომიტეტისაგან, 34 საერთაშორისოდ ცნობილი ორგანიზაციისგან, და მუსიკალური ხელოვნების 35 დამოუკიდებელი წარმომადგენლისა და საპატიო წევრისაგან, რომლებიც არჩეულნი არიან მსოფლიოში სახელგანთქმულ შემსრულებელთა, კომპოზიტორთა და პედაგოგებს შორის. თქვენს კითხვაში გაინტერესებთ აქვს თუ არა უფლება რომ ერთ ქვეყანაში 2-მა ან მეტმა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საავტორო უფლებების ერთი და იგივე კატეგორიის მენეჯმენტი კოლექტიურ ბაზაზე. ჩვენი პოზიცია, როგორც ორგანიზაციისა, რომელიც წარმოადგენს მუსიკოსებს და კომპოზიტორებს მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად ნებისმიერი ქვეყნის სიდიდისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს ავტორთა უფლებების კოლექტიური მენეჯმენტის ზუსტად იმდენი ორგანიზაცია, რამდენსაც ადგილობრივი ნაციონალური ავტორები და შემსრულებლები (უფლებამფლობელები) ჩათვლიან მიზანშეწონილად საკუთარი წარმომადგენლობისა და საავტორო უფლებების დაცვის საქმეში. არც IMC-ს და არც ერთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას არა აქვს უფლება განსაზღვროს - ერთ თუ მეტ ორგანიზაციას მიენიჭოს უფლებების დაცვის მენეჯმენტის ფუნქციები ამა თუ იმ ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს რომ არავის შეუძლია აუკრძალოს ნებისმიერ ავტორს, პერფორმერს, ან ნებისმიერ სხვა უფლებამფლობელს შეარჩიოს ორგანიზაცია, რომელსაც ეს უფლებამფლობელი ჩათვლის აუცილებლად საკუთარი უფლებების მენეჯმენტისათვის, რაც ნათლად არის ასახული ევროკავშირის 2014/26/EU დირექტივაში, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 26 თებერვლით. ეს დირექტივა ეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მენეჯმენტის და უფლებების მულტი-ტერიტორიულ ლიცენზირებას მუსიკალური ნაწარმოებების ონლაინ გმოყენებაზე შიდა ბაზარზე. არჩევანის თავისუფლება ყოველი ასეთი ავტორის და პერფორმერის (უფლებამფლობელის) უფლებაა, რამეთუ ისინი არიან ამ ინტელექტუალური საკუთრების შემოქმედები, რომლებიც უნდა შემოსაზღვრულ და დაცულ იქნენ ავტორების უფლებათა დაცვის მენეჯმენტის ორგანიზაციების მიერ.
სილჯა ფიშერი, გენერალური მდივანი (IMC)
----------------------------------------------------------------
ეს წერილი, ძალიან მნიშვნელოვანია, წაიკითხოს ყველა იმ ადამიანმა თუ ორგანიზაციამ, რომელიც საბჭოთა მონოპოლისტურ სტილში ცდილობს, ინდივიდუალურ ავტორთა უფლებების მენეჯმენტის მონოპოლიზაცია მოახდინოს. ეს წერილი უნდა წარდგენილ იქნეს ყველა იმ სასამართლო პროცესზე, სადაც ეგრეთწოდებული „საავტორო ასოციაცია“ იჩემებს მონოპოლიას ყველა ავტორის უფლებაზე. იმ ავტორების უფლებებზეც, რომლებსაც ისინი ძარცვავდნენ.
ქართველი ხელოვანები აპირებენ, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წერილით შეიარაღებულნი ამ დღეებში მივიდნენ საქართველოს პარლამენტში და იქ დააყენონ მათი უფლებების დაცვის საკითხი.