logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: USAID საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება
- +

21 იანვარი. 2020. 16:02

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

 

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზანია აღნიშნულმა უწყებებმა სხვადასხვა კავშირების გამოყენებით, ახალი და დიფერენცირებული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელი შეუწყონ დასაქმებისა და ინვესტიციების პოტენციალის გაზრდას და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაყიდვების და შემოსავლების მატებას.

 

„აშშ-ის მთავრობა უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რაც დადასტურდა არაერთი აქტით, მათ შორის, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.

 

მისი თქმით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს პრიორიტეტულად განსაზღვრული ეკონომიკური სექტორების განვითარებაში დაეხმარება.

 

„საუბარია დარგებზე, რომლებიც მოიტანს ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული სფეროების მხარდაჭერა, სადაც დიდია დასაქმების კომპონენტი.  მათ შორისაა, ტექსტილი, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობა ასე ინტენსიურად აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

„USAID დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა სექტორები. მოხარულები ვართ, რომ დღეს შედგა ახალი თანამშრომლობა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და ორ სააგენტოს შორის. თანამშრომლობის მიზანია, გამოავლინოს მნიშვნელოვანი ინტერვენციები, რაც გავლენას მოახდენს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებზე, ასევე სხვადასხვა კავშირების გამოყენებით და პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოურ და კერძო სექტორის ინვესტიციების გაზრდას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში“, - განაცხადა USAID/Georgia-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

 

ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ხაზი გაესვა წინა პერიოდში პროგრამის ზოგად მხარდაჭერასა და წარმატებულ მუშაობას სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებთან, რომელთა შორისაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner