logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: არ ვაპირებთ ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას!
- +

11 ივნისი. 2016. 16:53


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით მომუშავე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები იყო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში მონაწილე  (EUFOR RCA) ქართველ სამხედროებს ეხებოდა. ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაშია და საქმის შესწავლას ადგილზე აწარმოებს.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხია და უწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

 

„მეტად მნიშვნელოვანია, ამ ოფისში იცოდნენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას. არ გავჩერდებით, ვიდრე ბოლომდე არ გავარკვევთ სიმართლეს და სათანადოდ არ ვუპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომელიც ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად ქართული ჯარის მიმართ, ჩემი აზრით, სრულიად უმართებულოდ გამოითქვა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner