logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: დღემდე საქართველოში გაცემულია წიაღისეულის მოპოვების 4200 ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა
- +

22 იანვარი. 2020. 11:18

 

„წიაღისეული და მისი სწორი და ყაირათიანი გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ჩვენ გავატარეთ წიაღის სექტორის რეფორმა. დავამტკიცეთ ახალი სტრატეგია და გავააქტიურეთ ეს მიმართულება. დღემდე საქართველოში გაცემულია წიაღისეულის მოპოვების 4200 ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „რეგიონებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მოპოვებულ სამშენებლო ნედლეულზე მომუშავე საწარმოები, რომლებიც ადგილზე ნედლეულის გადამუშავებით საბოლოო პროდუქციას აწვდიან სამშენებლო სექტორს.

 

„ამასწინათ დავათვალიერე რამდენიმე ახალგახსნილი საწარმო, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს ტექნოლოგიურ და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტით მომუშავე საწარმოებში გადაამუშავებდნენ. ქართული საწარმოები უშვებენ საშენ მასალებს, ფილებს, ბლოკებს, აგურს, მოსაპირკეთებელ მასალებს და ამით შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტულ ნაწარმს და ჩაანაცვლონ იმპორტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის განცხადებით, საბადოებზე ლიცენზიების გაცემისას ჩვენი მიდგომაა დავადგინოთ ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის ვალდებულებაც.

 

„ჩვენი ამოცანაა, წიაღი აქ გადამუშავდეს და ექსპორტზე მზა პროდუქტი გავიტანოთ, რაშიც ასევე დავეხმარებით“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებით განისაზღვრა პრიორიტეტული დარგები, რომლებიც იქნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული. ერთ-ერთ ასეთ დარგად მინისტრმა კერამიკული წარმოება დაასახელა.

 

„ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით არა მხოლოდ ლიცენზიის აღებაში, არამედ მიწასაც გამოვუყოფთ, რომ გადამმუშავებელი საწარმო ააშენოს და ხალხი დაასაქმოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner