logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძე: ყველა ადამიანის ინიციატივა იქნება გათვალისწინებული, რაც ქართული რაგბის პროგრესს უზრუნველყოფს
- +

22 იანვარი. 2020. 13:37

 

ვეტერანი ლეგენდარული მორაგბე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე მონაწილეობას მიიღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 30 იანვარს იმართება.

 

აბუსერიძემ საკუთარი კანდიდატურა რაგბის კავშირში უკვე დაარეგისტრირა.

 

ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს ნაკრებში ჰავბეკის პოზიციაზე 86 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 15-ჯერ ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში გაუძღვა.

 

აბუსერიძეს ნაკრების კვართით 5 ლელო აქვს დადებული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ „აბუ“ მსოფლიოს თასის 3-გზის მონაწილეა. „ბორჯღალოსნებთან“ ერთად კი 5-ჯერ ერთა თასი აქვს მოპოვებული.

 

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ხედვები,  ყველა ადამიანის ინიციატივა იქნება გათვალისწინებული, რაც ქართული რაგბის პროგრესს უზრუნველყოფს. განსაკუთრებით ყურადღება  7-კაცა რაგბის, ქალთა რაგბის, სასკოლო და სტუდენტურ რაგბის, ბავშვთა რაგბის დაეთმობა. ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად შევეცდებით, გავაუმჯობესოთ და შევქმნათ ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა. თბილისის ცენტრალურ უბნებში არ გვაქვს ერთი სარაგბო მოედანიც კი. ვარაზის ხევში  სარაგბო მოედნისთვის გათვალისწინებული ადგილი ამჟამინდელმა ფედერაციამ გაყიდა. იქ სტანდარტული მოედანი არ აშენდებაო. ჯერ ერთი, ბავშვს, მოზარდს არ სჭირდება სტანდარტული მოედანი“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

 

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე, ასევე, რაგბის კავშირში არსებულ საარჩევნო სისტემზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვითარება სერიოზულ კითხვებს ჰბადებს.

 

„რაც შეეხება რაგბის კავშირში არსებულ საარჩევნო სისტემას. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს. ყველა კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ როგორ შეიძლება დიდ, ისტორიულ სარაგბო კლუბსა და ახლახან დაარსებულ სარაგბო კლუბს ხმების იგივე რაოდენობა ჰქონდეთ? ასე რომ, ქართულ რაგბის რთული გზა აქვს გასავლელი და იმედი მაქვს, ამ გზას ყველა ერთად წარმატებით გავივლით“, - განაცხადა აბუსერიძემ.

 

ამჟამად რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე ბრძოლას მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე აპირებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner