„გავა წლები და სტუდენტებს ასწავლიან, პირველად მსოფლიოში, ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
პროფესორის თქმით, ამ დრომდე არცერთ პროგრამას ამდენი სიცოცხლე არ გადაურჩენია.
„მთელი მსოფლიოს ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მინიმალური შეფასებებით, ყოველ მესამე C ჰეპატიტით ავადმყოფს აუცილებლად უჩნდებოდა ღვიძლის ციროზი ან კიბო. ეს იმას ნიშნავს, რომ 60 ათასი ადამიანი რომ არ განკურნებულიყო, სულ ცოტა, 20 ათასს ციროზი და კიბო განუვითარდებოდა, ან მოკვდებოდნენ, ან დასჭირდებოდათ ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციაც კი არ არის გარანტია განკურნების. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, მათ შორის ტრანსპლანტოლოგიის განვითარებაზე და ეს დიდი საქმეა, მაგრამ სულ საქართველოში დღეისთვის შესრულებულია 50-მდე ტრანსპლანტაცია. უცხოეთში გაკეთებული ტრანსპლანტაციების რაოდენობა არ აღემატება 150-ს. სულ, საქართველოსა და უცხოეთში ტრანსპლანტაცია საქართველოს დაახლოებით 200 მოქალაქემ გაიკეთა. ამ პროგრამამ 20 ათასი ადამიანი ტრანსპლანტაციის გაკეთების საჭიროებას და სიკვდილს გადაარჩინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო ტრანსპლანტაცია დაახლოებით 80 ათასი დოლარი ჯდება, წარმოიდგინეთ, აქ ეკონომიკურ ეფექტზე იყო ლაპარაკი, რამხელა ეკონომიკური ეფექტი მისცა, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი არაფერია 20 ათასი ადამიანის სიცოცხლესთან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან პროექტის ისტორიულ მისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავა წლები, ათწლეულები და თაობებს გადასცემენ, რომ მსოფლიოში პირველად, 2015 წელს ინფექციური დაავადების ელიმინაცია დაიწყო.
„პროექტს აქვს ორი ისტორიული მისია: ერთი, ქართველი ხალხისთვის, უკვე 65 ათასი ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და პროგრამის ბოლოს ეს რიცხვი გახდება დაახლოებით 130 ათასი. არცერთ პროგრამას მანამდე, მიახლოებული რაიმეც კი არ გაუკეთებია. აიღეთ ნებისმიერ პროგრამა, კარდიოლოგიური, გინდაც ონკოლოგიური, 130 ათასი ადამიანის სიცოცხლე რომ გადაერჩინოს, ასეთი არ ყოფილა და ვერც იქნება ახლო მომავალში და მეორე ისტორიული მისია, მისია მსოფლიოსთვის. პირველად მსოფლიო ისტორიაში მოხდება ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია. გავა წლები, ათეული წლები და ამას თაობებს გადასცემენ და სტუდენტებს ასწავლიან, რომ ამა და ამ წელს, 2015 წელს დაიწყო და ყველაზე დიდი 2025 წელს დამთავრდა, პირველად მსოფლიოში ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.