logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე ახალ კორონავირუსზე: ჩვენთან გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად მაინც არის
- +

22 იანვარი. 2020. 14:48

 

„ეს დაავადება ყურადსაღებია, ჩვენთან გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად მაინც არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„დღევანდელი ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით (ხაზს ვუსვამ, რადგან ვოპერირებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის მონცემებით) დაფიქსირებულია დაახლოებით 300-მდე შემთხვევა და აქედან 6 იყო ლეტალური. დაავადება აღინიშნა უხანის ნაწილში, სადაც თევზეულით მოვაჭრეთა ნაწილია განთავსებული. დღევანდელი რიცხვით შემთხვევები ექსპორტირებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. დადგინდა ასევე, რომ ხდება გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე და ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების - ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამას გარდა, მიმდინარეობს ხშირად გართულებით, როგორიც ფილტვების ანთებაა. დღევანდელი მაჩვენებლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია, 300-იდან 6-ში იყო ლეტალური“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, ლეტალური მაჩვენებელი 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშია და თითქმის ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს თანმდევ მძიმე ქრონიკულ დაავადებას.

 

როგორც გაყრელიძემ აღნიშნა, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი.

 

„რაიმე სახის მოგზაურობებზე ამ ქვეყნებში ან ქვეყნებიდან, არც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს არავითარი აკრძალვა, გარდა ჩრდილოეთ კორეისა. დღევანდელ სხდომაზე ალბათ ბევრი სხვა რეკომენდაციები გაჟღერდება. ალბათ, ხვალ გვეცოდინება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელსაც გაგიზიარებთ. ყურადსაღებია აუცილებლად ეს დაავადება, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება. თუმცა, მზადყოფნა გლობალურადაც და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უკვე შიდა კონსულტაციები და შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. ხვალ, 10 საათზე, სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი, გადავწყვეტთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. საქართველო შორსაა ამ პროვინციისგან და არაა პირდაპირი ფრენები. იქ, სადაც პირდაპირი ფრენებია, დღეს უკვე მიიღება შესაბამისი ზომები აეროპორტებში, ძირითადად, საინფორმაციო, ჩვენც ალბათ ხვალ გადავწყვეტთ და შესაბამის ზომებს დავგეგმავთ.

 

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ე.წ. ალგორითმით, რომელიც მოიცავს მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებს. ჯერჯერობით ვართ მწვანე ზონაში, ანუ, რისკი მინიმალურია მაგრამ თეორიულად მაინც არის. დაახლოებით ვიცით, რამდენი ჩინელი და ჩინეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, გვყავს მუშახელი, დასაქმებული სხვადასხვა დიდ მშენებლობაზე. ამ და ყველა სხვა საკითხზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და გეგმის მონახაზი ხვალ სამინისტროში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner