ქვეყნის ეკონომიკურმა სტაგნაციამ რუსეთის ხელისუფლებას რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგა. ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოჰყვა.
პუტინი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. მან დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება. 2024 წლიდან მნიშვნელოვნად სუსტდება პრეზიდენტის ძალაუფლება. პუტინს სწორედ ამ დროს ეწურება პრეზიდენტობის ვადა, ამ პოზიციას კი კიდევ ერთხელ ვერ დაიკავებს. მისი ინიციატივით, პარლამენტს უნდა გადაეცეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილი, პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხში, ხოლო პრეზიდენტს არ ჰქონდეს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება. საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და პენსიის ინდექსაცია იგეგმება, რომელიც საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.
რამ გამოიწვია მოსკოვის სახელისუფლებო ველზე ამგავარი რადიკალური ცვლილებები? რა გავლენას იქონიებს რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები საქართველოზე? „Black on White“-ს ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა ესაუბრება.
- რა ფაქტორებით არის გამოწვეული ის რადიკალური ცვლილებები, რაც რუსეთის ხელისუფლებაში დაიწყო და რეალურად რას ისახავს მიზნად?
- ეს ცვლილებები ორი მთავარი ფაქტორით, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორით არის გამოწვეული.
მთავრობის განახლება არის პასუხი იმ საზოგადოებრივ განწყობებზე, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს. ეს განწყობები ხელისუფლების მიმართ ნეგატივის კუთხით არის შეცვლილი. რუსეთის სოციოლოგიური ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ხელისუფლების მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირებულია. მაგალითისთვის, თუ 2014 წელს პუტინის მხარდაჭერა 53% იყო, დღეს – 38%-ია. რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით არ მიდის. 66% სამთავრობო ცვლილებებს ელოდება, ხოლო მოსახლეობის 45% - მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს. 49% თვლის, რომ რუსეთი ეკონომიკურ კრიზისშია. მთელი ამ სურათის გათვალისწინებით, აუცილებებლი იყო რუსეთის მთავრობის განახლება, რაც პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილიც შეიძლება იყოს და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. ეს ტექნოლოგია ნებისმიერ ხელისუფლებას აძლევს დროს მობილიზაციისთვის და სხვა ქვეყნებშიც ფართოდ გამოიყენება.
მეორე საკითხს რაც შეეხება, პუტინს 2024 წელს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. მას აღარ შეუძლია, კიდევ იყაროს კენჭი, ამიტომ ცდილობს, პოლიტიკური სპექტრი იმგვარად მოაწყოს, რომ მმართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვას.
ამ ცვლილებების ეკონომიკურ მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, ჩანს, რომ რუსეთის ეკონომიკა რეალურად სტაგნაციაშია. 2014 წლის უკრაინის კრიზისის შემდეგ რუსეთის ეკონომიკამ ძალიან დიდი დაცემა განიცადა, ფაქტობრივად, განახევრდა, რუბლი გაუფასურდა. მაგალითად, რუსეთის ეკონომიკის ზრდა 2019 წლის მონაცემებით, მხოლოდ 1,2 %-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 % -ზე მეტია. რუსეთში ინფლაცია 4% იყო, ანუ, ინფალაცია უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური ზრდა, ეს კი ნებისმიერი ქვეყნისთვის ცუდი მაჩვენებელია. რუსეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები სანქციებმა შეუქმნა. მათ აღარ აქვთ წვდომა დასავლურ ტექნოლოგიებზე, პირველ რიგში, სამრეწველო, ნავთობმოპოვებით ტექნოლოგიებზე. ასევე, არა აქვთ წვდომა დასავლურ კრედიტებზე, რომლის გარეშეც ეკონომიკის სწრაფი ზრდა რთულია. ამიტომ, თუ უნდათ, ნორმალური განვითარების ტემპს დაუბრუნდნენ, ეკონომიკაში სხვადასხვა ღონისძიებების გატარება მოუწევთ. ასევე, მთავარი, რაც რუსეთში ხდება, არის ცხოვრების დონის დაქვეითება, რასაც მოსახლეობა მწვავედ განიცდის. ჩავარდნად შეიძლება განვიხილოთ საპენსიო რეფორმა, რომელიც შარშან ჩატარდა, გაზარდეს საპენსიო ასაკი, რასაც ხალხი ნეგატიურად შეხვდა. მოსახლობა ირკუტსკის წყალდიდობისას და ტაიგაში ხანძრის დროს მთავრობის ქმედებებს არაეფექტურად აფასებს. თუმცა, პოზიტიურად თვლის სირიაში მიღწეულ წარმატებას, უკრაინასთან ცხელი ომის ფაზის დასრულებას, ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილის გახსნას. საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში იყო ცვლილებების დაკვეთა და პუტინმა ეს ცვლილებები განახორციელა.
ახლა რაც შეეხება იმას, რას აპირებს პუტინი 2024 წელს? პუტინის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება იმგვარი მოდელის შექმნას, რომელიც მას მართვის სადავეებს შეუნარჩუნებს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის პრეზიდენტი. მას აქვს სამი ვარიანტი, როგორ იმოქმედოს 2024 წლის შემდეგ. ერთი გახლავთ ისევ ძველი ნაცადი ხერხი, როდესაც მედვედევ-პუტინის როქირება განხორციელდა, ამიტომ მედვედევი გადაინახა მომავლისთვის, ჩამოაშორა ისეთ პოზიციას, სადაც ის რეიტინგს აუცილებლად დაკარგავდა. 4 წლის შემდეგ კი მედვედევის დროს წარუმატებელი ეკონომიკური სიტუაცია აღარავის ემახსოვრება. მედვედევი დანიშნა უშიშროების საბჭოში თავის მოადგილედ, გარდა ამისა, ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
მეორე ვარიანტია, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ თავად პრეზიდენტი დარჩეს. სახელმწიფო საბჭო არის საკმაოდ ძლიერი ორგანო, რომელიც აერთიანებს ფედერაციის საბჭოს, წევრებს, დუმის ფრაქციების ხელმძღვანელებს, ასევე ადგილობრივ გუბერნატორებს, რეგიონების მმართველებს, დიდი ქალაქების მერებს.
მესამე ვარიანტია, პუტინი გახდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ამიტომაც აძლიერებს მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის როლს, რომელიც უკვე ახალი ცვლილებების შემდეგ რუსეთის მთავრობას არა შეითანხმებს, როგორც აქამდე იყო, არამედ დაამტკიცებს.
- აღნიშნული პოლიტიკური ცვლილებები რეალურ შედეგს გამოიღებს თავად სახელმწიფოსთვის, თუ მაინც კოსმეტიკურ ცვლილებად დარჩება?
- პუტინი ამ სამ ვარიანტს ამზადებს თავისთვის, 2024 წლისთვის რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება მისთვის, იმ ვარიანტს აირჩევს, თუმცა, ალბათ სჯობია, რუსეთმა ფოკუსირება ეკონომიკაზე მოხდინოს. ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი, დასავლეთს მოელაპარაკოს სანქციების მოხსნაზე, რათა დასავლურ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებზე რამენაირად წვდომა ჰქონდეს, რაც ეკონომიკას უდავოდ წაადგება. მეორე ვარიანტია რესურსების შიდა მობილიზაცია. სხვადასხვა კვლევებით, რუსი ოლიგარქების მიერ ტრილიონზე მეტია ოფშორებში გატანილი. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, რომელიც ნებისმიერ ეკონომიკას სერიოზიულად წინ წასწევდა. მესამე ვარიანტი, რომელსაც რუსეთი ჯერჯერობით იყენებს კიდეც, არის ჩინეთთან ურთიერთობა. მათ ჩინეთისგან მიიღეს 2 მლრდ დოლარი კრედიტი და თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, ეკონომიკას ვგულისხმობ. შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, რუსეთის შიდა რესურსები შთამბეჭდავია. რუს ოლიგარქებს თავიანთი მოგებები და ფული საზღვარგარეთ გააქვთ და იქ აბანდებენ, რაც ყველა ქვეყნისთვის პრობლემაა. თუ დეოფშორიზაცია მოხდა და პუტინმა მდიდრები დაარწმუნა, რომ ფული რუსეთში დააბანდონ, ამით წინ წაიწევენ.
- ჩვენს ქვეყანაზე როგორ აისახება რუსეთში მიმდინარე პროცესები? საქართველოში საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ თუ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება, საქართველოს მხოლოდ მაშინ ეშველება…
- არა, ეს მცდარი შეხედულებაა, ხალხი ოკუპაციის გამო გაღიზიანებულია რუსეთზე, და სამართლიანადაც, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკას, პირიქით, რუსეთში ცუდი ეკონომიკური სიტუაცია ჩვენც არ გვაწყობს. ისტორია და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რუსეთის ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე აუცილებლად ნეგატიურად აისხება. ამის განმაპირობებელი ფაქტორი არის ის ასიათასობით ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. ისინი ფულის ნაწილს საქართველოში ხარჯავენ და ოჯახებს, ნათესავებს ეხმარებიან, უძრავ ქონებას ყიდულობენ და ა. შ. ამიტომ თუ ვინმეს უხარია რუსეთის წარუმატებლობა ეკონომიკაში, არ არის სწორი, ვინაიდან ეს ჩვენც გვაზიანებს. ასე იყო 1998 წელს, რუსეთის დეფოლტმა საქართველოს ეკონომიკაც დაანგრია. რუსეთის ნებისმიერი კრიზისი უარყოფითად აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. 2014 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინის გამო რუსეთის ეკონომიკა თითქმის განახევრდა, ზუსტად ამ ფაქტორის გამო, ჩვენთანაც სერიოზული ვარდნა მოხდა. ამიტომ, ამ სიტუაციაში საქართველოსთვის ნამდვილად კარგი იქნება თუ რუსეთის ეკონომიკაში დადებითი ტენდენცია გაჩნდება.
- პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ შეიძლება შეგვეხოს რუსეთის ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები?
- პოლიტიკური კუთხით, მე ვფიქრობ, გარკვეულწილად რუსებმაც ისწავლეს ჭკუა. აფხაზების ბოლო განცხადება საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესახებ, ჩემი აზრით, არის მათი ნამუშევარი. მათ გარეშე ასეთი განცხადების გაკეთებას ვერ გარისკავდნენ, რაც ცალსახად პოზიტივია, ვინაიდან ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ პირდაპირ დიალოგს. ეს დიალოგი უნდა დაიწყოს. ასევე უნდა მოხდეს დიალოგი თავად რუსეთთნაც. მართალია, ჩვენი მოკავშირეები და სტრატეგიული პარტნიორები ბრიუსელი, ევროკავშირი, შეერთებული შტატებია, მაგრამ ისეთ დიდ მეზობელთან, როგორიც რუსეთია, ვისთანაც ყველაზე დიდი პრობლემები გვაქვს, რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა არსებობდეს. ასევე ეკონომიკურ ჭრილში, ვფიქრობ, ჩვენ არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო მაგისტრალები უნდა განვავითაროთ, არამრედ ჩრდილოეთ-სამხრეთისაც. ამდენი წელია დაკეტილია აფხაზეთის რკინიგზა და ამის გამო საქართველო დაახლოებით, 200-250 მილიონ დოლარს კარგავს წელიწადში. ეს თანხა შეიძლება მივიღოთ, თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება. რუსეთის პორტებში იმდენი ტვირთია, რამდენიმე კვირა ვაგონების რიგები დგას, ტვირთების დროული გადატანა ლამის ჩაწყობაზეა. ეს ტვირთები წამოვიდოდა ფოთში, ბათუმში, ანაკლიის აშენების შემთხვევაში, ანაკლიაში. გარდა ამისა, შეგვიძლია ვიყოთ რუსეთ-თურქეთის სავაჭრო ხიდი, სადაც ამ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის დიდი ნაწილი საქართველოზე წამოვა. „ტვირთი“განყენებული ცნება არ არის, თითოეული ასეთი ტვირთი საქართველოსთვის მინიმუმ ათი დოლარია. სეიოზული შემოსავლის მოტანა შეუძლია ამ თემას. საერთოდაც, მაგისტრალები თუ გაიხსენება, სტაბილურობისთვისაც კარგია, ვინაიდან ყველა ქვეყანა და კომპანია, ვისი ტვირთიც აქ გაივლის, საქართველოს სტაბილურობით იქნება დაინტერესებული.
ავტორი: შორენა პირველი
წყარო: https://www.blackonwhite.ge/