ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, ირაკლი შოთაძე დანარჩენ კანდიდატებს შორის ყველაზე გამოცდილი, კვალიფიციური კადრია.
„კანდიდატების უმრავლესობა საკუთარი სურვილით არის წარდგენილი. თან, ნახევარზე მეტი ადვოკატები არიან. ადვოკატი ცუდი კი არ იქნებოდა პროკურორად, მაგრამ ამ კუთხით გამოცდილებაც საჭიროა.
ამასთან, იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი შოთაძე მუშაობდა, მან თავი დაგვამახსოვრა, როგორც არაკორუმპირებულმა, პრინციპულმა ადამიანმა, რომელმაც სისტემა დააყენა კანონის საფუძელზე და არა ძალადობის საფუძველზე. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ იქ ყველაფერი უხარვეზო იყო და პირადად მე, პროკურატურასთან და პროკურორებთან დაკავშირებით შენიშვნები არ მაქვს. მე მაქვს კონკრეტული შენიშვნები, ვისურვებდი, მტკიცებულებების სტანდარტი უფრო მაღალა იყოს აწეული. თუმცა, რომ შევადაროთ ამ 17 კანდიდატიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ირაკლი შოთაძის კანდიდატურაა მისაღები“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, „ქართული ოცნებისთვის“ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პოლიტიკურად მისაღებია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შოთაძე ყველა პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს.
„ხშირად საუბრობენ პოლიტიკურ შეკვეთებზე. როდესაც ერთპარტიული სისტემაა, ნებისმიერი პარტია, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, აირჩევს იმას, რომელიც მისთვის პოლიტიკურად მისაღებია. ისიც გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ირაკლი შოთაძე პოლიტიკურად მისაღებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველა პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს. მაგალითად, ყველაზე დიდი პრეტენზია, რაც იმ პერიოდში მქონდა, ეს იყო აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც აშკარად პოლიტიკური იყო და პროკურატურამ არ თუ ვერ გამოიძია, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის გამო, იქ აზერბაიჯანის მხარე იყო ჩარეული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართალი უნდა ენაცვალოს პოლიტიკას, პირიქით, სამართალი ყოველთვის წინ უნდა იყოს პოლიტიკაზე“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.