„გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია „OneWeb“ საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და „OneWeb“-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის ოპერირება გლობალური კოსმოსური სატელიტური ქსელის საშუალებით.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და „OneWeb“-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები კომპანიის ძირითადი პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანაში სატელიტური ქსელის მოსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობას, რაც უწყვეტი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში არსებულმა კარგმა საინვესტიციო გარემომ, ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ, რაც საქართველოს ხელს უწყობს, იყოს რეგიონული ჰაბი. კომპანიამ გამოთქვა მზაობა საქართველოს მთავრობასთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განახორციელებს ინვესტიციას სადგურის მოწყობისა და შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
გლობალური სტარტაპი უკვე თანამშრომლობს საქართველოს კერძო სექტორთან, კერძოდ, კომპანია „სილქნეტთან“. შესაბამისი მემორანდუმი „OneWeb“-სა და „სილქნეტს“ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.
ბრიტანული კომპანია „OneWeb“-ის საწყისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს და იგი ოპერირებს ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია, განახორციელოს სატელიტური ქსელის სწრაფი გაფართოება და შესაბამისი სადგურების მშენებლობა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში.