საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მიმართეს ააიპ „ასოციაცია ატუმ", სს დაზღვევის კომპანია „ქართუმ" და შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებმა". ისინი მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"ის გადაცემა „აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). სადავო მასალა „ელიტური კორუფცია" ეთერში 2016 წლის 8 მაისს გავიდა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. განმცხადებლებს პრეტენზიები აქვთ გადაცემის ანონსთან დაკავშირებითაც.