საქართველოში „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“, იგივე „ენდიაის“ საქმიანობა, საზოგადოებაში ყოველთვის ბადებს კითხვის ნიშნებს. მის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, თითქმის, მუდმივად აჩენს მიკერძოებულობის განცდას და ეჭვებს – ხომ არ მოქმედებს ეს, ესოდენ, „ავტორიტეტული“ ორგანიზაცია კონკრეტული პარტიებისა, თუ პოლიტიკოსების სასარგებლოდ?
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმ პირების არსებობა-არარსებობის საკითხი, ვისაც მათ კვლევებში ოდესმე მიუღია მონაწილეობა: არსად არასდროს არ აღმოჩენილა ერთი ადამიანიც კი, ვინც როდესმე „ენდიაის“ ჰყავს გამოკითხული – ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში ეს თემა ამ დრომდე არ კარგავს აქტუალობას და საკმაოდ დიდია მათი რიცხვი, ვინც ამ „მითიურ გამოკითხულ ადამიანებს“ დღემდე სანთლით ეძებს…
„მარშალპრესმა“ მოახერხა და ჩაწერა ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სწორედ „ენდიაიში“ მუშაობდა. მან ჩვენ დეტალურად გაგვარკვია სიტუაციაში და აღნიშნული ორგანიზაციის კულისებში ჩაგვახედა. ცხადია, რესპონდენტის ვინაობას, გასაგები მიზეზების გამო, შეგნებულად არ ვწერთ, თუმცა, პირობას გაძლევთ, რომ ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელსაც თქვენ ახლა წაიკითხავთ, ფარდას ბევრ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს ახდის:
ინკოგნიტო წყარო:
- 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო. „ენდიაის“ წარმომადგენლები პირველკურსელებს ეძებდნენ. ჩემი ოჯახის ნათესავი მუშაობდა „ენდიაიში“, ერთ-ერთი რეგიონის კურატორი იყო და მან უთხრა ორგანიზაციას ჩემზე – პირველკურსელია და შეძლებს მუშაობასო. იმ დროს ქუთაისში ვცხოვრობდი. მე და ჩემი თანაკურსელი შეგვარჩიეს, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდით და ესეც მოეწონათ, აქტიური პროფესია აქვთ არჩეული და გამოგვადგებიანო.
ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისის შენობაში ვიკრიბებოდით ხოლმე – აი, იმ შენობაში, სადაც ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა პროტესტი გამართეს, ცოცხები მიიტანეს და კვერცხები დაუშინეს. „ენდიაის“ ტრენინგებისთვის გამოყოფილი სივრცე ამ შენობაში მეორე სართულზე იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი კი – პირველ სართულზე.
– მოდით, დაწვრილებით მოგვიყევით: რა ხდებოდა იმ ტრენინგებზე?
– ტრენინგებს ორი ქალბატონი გვიტარებდა, რაც დღეში, დაახლოებით, 2-3 საათი გრძელდებოდა. ლექციების შემდეგ მივდიოდით და სახლში ძალიან გვიან ვბრუნდებოდით. გვასწავლიდნენ, რა ინტონაციით და რა ფორმით უნდა დაგვესვა კითხვები – მაგალითად, ინტერვიუერთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობა“ ხმამაღლა, გამართულად, გამოკვეთილად, „ქართული ოცნება“ კი – ხმადაბლა და სწრაფად უნდა გვეხსენებინა. გამოკითხვის პროცესში ჯერ ხომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გვეხსენებინა გამოკვეთილად, მერე უკვე მისი სატელიტი პარტიები და სულ ბოლოს, ძალიან ხმადაბლა და სწრაფად – „ქართული ოცნება“. იმასაც კი გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გაგვეღიმა, რომ ადამიანებს სახლში შევეშვით. გვასწავლიდნენ იმასაც, რომ რესპონდენტთან ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები უნდა დაგვეფიქსირებინა – მაგალითად, გამოსაკითხ პირებს ასეთ რაღაცებს ვეუბნებოდით: თქვენ შევარდნაძის დროს შუქი ხომ არ გქონდათ? გზები ხომ არ იგებოდა? პენსია რა ცოტა გქონდათ, გახსოვთ? ახლა ხომ შუქიც გაქვთ და გზებიც ხომ იგება? პენსიაც ხომ გაიზარდა? ინტერვიუერები, რა თქმა უნდა, გვეთანხმებოდნენ – კი, შუქი გვაქვს, პენსიაც გაგვეზარდა… აი, მერე უკვე საუბარი იქით მიგვყავდა – ეს ყველაფერი ხომ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა? მოკლედ, ასეთი ძალიან მარტივი მანიპულაციებით ვკონტაქტობდით გამოსაკითხ პირებთან და ძალიან ხშირ შემთხვევაში, თავადვე ვხაზავდით ბლანკზე წინასწარ განსაზღვრულ პასუხებს.
– საზოგადოებაში ყოველთვის არის დიდი ინტერსი, სად არიან „ენდიაის“ მიერ გამოკითხული ის „მითიური ადამიანები“ და ისინი ნამდვილად არსებობენ თუ არა? შეგიძლიათ, გვითრხათ: პირადად თქვენ სად აწარმოეთ გამოკითხვა?
– კი, არსებობენ, თუმცა, მანდ სხვა რამეშია საქმე და ახლავე აგიხსნით: ტრენინგების მერე, ჩვენ ვანის რაიონში წაგვიყვანეს გამოკითხვის ჩასატარებლად, თუმცა, არა ცენტრში ან სადმე ხალხმრავალ ადგილას, არამედ სადღაც ძალიან მოშორებით მდებარე მაღალმთიან სოფლებში. ჩვენი ჯგუფი ოთხ სოფელში ვაწარმოებდით პერიოდულად „გამოკითხვას“ და იმდენად მიუდგომელი ადგილები იყო, რომ მახსოვს, ჯიპის ტიპის ტაქსი დაგვიქირავეს, რადგან იქ ჩვეულებრივი მანქანით ასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ადგილზე ძალიან ღარიბი მოსახლეობა დაგვხვდა, ძირითადად, მოხუცები, რომლებსაც ასე ვთქვათ, აზრი არ მოეკითხებათ, ისეთ ასაკში იყვნენ – არ იცოდნენ, ვინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. შესაბამისად, ბლანკებზე პასუხებს თავად ვხაზავდით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ბლანკზე ვუთითებდით რესპონდენტის სახელსა და გვარს და მისი პირადობის ნომერს, რაც ფარული გამოკითხვის დროს კატეგორიულად დაუშვებელია! ასეთი შემთხვევაც მახსოვს: ერთ-ერთი მოხუცი რესპონდენტი ქალბატონის შვილმა პირადობა არ მოგვცა და სახლიდანაც გამოგვაგდო – დედაჩემის პირადობა რაში გჭირდებათ, თუ გამოკითხვა ფარულიაო? ის კაცი რუსეთიდან იყო ჩამოსული, როგორც ჩანს, ერკვეოდა ასეთ რაღაცებში და ამიტომ გამოგვაგდო და მართალიც იყო.
ისეთი შემთხვევაც მახსოვს, ერთ მოხუც ადამიანთან მივედით და ჩაწოლილი დაგვხვდა, მეზობელი უვლიდა. რაღაცებს რომ ვეკითხებოდი, არც ესმოდა წესიერად არაფერი. დავურეკე მერე კურატორს – როგორ გამოვკითხო ეს ადამიანი, გონზე არ არის, საერთოდ ვერ ერკვევა ამ საკითხებში-მეთქი და კურატორმა მიპასუხა – საუბარი ხომ შეუძლია? ჰოდა, დააფიქსირე, რომ მანდ იყავი, ჩაიწერე სახელი და გვარი და პასუხი თავადვე მონიშნე ბლანკზეო… სხვათა შორის, ბლანკზე „ქართული ოცნება“ სულ ბოლოში იყო მითითებული, არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ძლიერი კონკურენტი სწორედ ის იყო და ჩამონათვალში, მინიმუმ, მეორე ადგილზე მაინც უნდა ყოფილიყო ჩაწერილი.
პოლიტიკოსების შემთხვევაშიც იმავენაირად იყო ბლანკი შედგენილი – სათავეში გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და სხვები ეწერა და სულ ბოლოში, ძალიან წვრილი ასოებით – ბიძინა ივანიშვილი. ხომ გახსოვთ, ვითომ რამხელა რეიტინგი ჰქონდა მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვადასხვა პოლიტიკოსებს? სწორედ ჩვენი ამგვარი „გამოკითხვებით“ დაიდო ის წარმოუდგენელი, არასწორი რეიტინგი.
– ხალხის გამოსაკითხად ცენტრალურ უბნებში არ დადიოდით?
– არა, ცენტრალურ უბნებში გასვლა არ შეგვეძლო, მხოლოდ ასეთ მიყრუებულ ადგილებში უნდა გამოგვეკითხა მოსახლეობა. მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ წინასწარ გვირიგებდნენ სიებს, ვისთან უნდა მივსულიყავით – სიებში ეწერა ინტერვიუერის სახელი, გვარი, რომელ ქუჩაზე, რომელ ნომერში მცხოვრებ პირთან უნდა მივსულიყავით, ანუ არანაირი შერჩევითობის პრინციპი არ არსებობდა. სხვათა შორის, ჩვენი მეორე დატრენინგებული ჯგუფი სამეგრელოს ასევე ძალიან მიყრუებულ სოფლებში გაგზავნეს, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მიყვებოდა მერე – სოფელში ორი კაცი ცხოვრობდაო და იმ ორი კაცის გამოსაკითხად ვიყავით ჩასულები ამხელა გზაზეო…
– ქუთაისიდან დაჰყავდით ასეთ მიყრუებულ სოფლებში? თუ სადმე ახლომახლო დაგაბინავეს?
– რაიონში, სასტუმროში დაგვაბინავეს, მაგრამ გამოკითხვაზე იქვე კი არა, სადღაც შორს დაგვატარებდნენ. როგორც მახსოვს, ის სოფლები, სადაც მე ვიყავი, ვანიდან 20-25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა და ადგილობრივი მოსახლეობა დიდად არც იყო გარკვეული პოლიტიკურ პროცესებში – მიწაზე შრომობდნენ, მცირე მეურნეობები ჰქონდათ და საერთოდ არ ეცალათ პოლიტიკისთვის. ხალხი რომ სანთლით ეძებს ხოლმე „ენდიაის“ მიერ გამოკითხულ ადამიანებს – აი, სწორედ ამიტომ ვერ პოულობენ მათ, ისეთ მიყრუებულ ადგილებში ცხოვრობენ.
ერთ-ერთი გოგონა, რომელიც მაშინ ჩვენთან ერთად დადიოდა ტრენინგებზე და შემდეგ სამეგრელოში გაუშვეს, მეუბნებოდა – ისეთ ოჯახში მიგვიყვანეს, ქართული რომ არ იცოდნენ და მხოლოდ მეგრულად საუბრობდნენო. ვერაფერი ვერ გავაგებინეთ და ვერც თვითონ ვერ გაგვაგებინეს, ამიტომ უბრალოდ მათი სახელი და გვარი ჩავიწერეთ და ბლანკებიც თავად შევავსეთო. სხვათა შორის, ეს გოგონა დღეს „რუსთავი 2“-ში მუშაობს, ჟურნალისტია.
- გასაგებია… ანაზღაურება რამდენი გქონდათ?
- ერთი კვლევის ფარგლებში ჩვენ, თითოეულს, 400 ლარი მოგვცეს და ეს კვლევა, დაახლოებით, თვენახევარი გაგრძელდა. მთელი ეს დრო პერიოდულად, კვირაში ერთხელ, ჩავდიოდით იმ ოთხ სოფელში და ასეთ „გამოკითხვებს“ ვაწარმოებდით. სხვათა შორის, 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდშიც დამირეკეს „ენდიაიდან“, თან ხელფასი 1000 ლარამდე შემომთავაზეს, მაგრამ მერე უკვე უარი ვუთხარი. როგორც ჩანს, თავიანთი ძველი, გამოცდილი კადრები სჭირდებოდათ, რომელიც უკვე დატრენინგებული ჰყავდათ და რომელსაც მეტ-ნაკლებად ენდობოდნენ.
- ქუთაისში რომ ტრენინგები ტარდებოდა, დაახლოებით, რამდენი ადამიანი იყავით მაშინ?
- სადღაც 30 ადამიანი და ხაზი მინდა გავუსვა – ყველანი ძალიან პატარები გახლდით. მე მაშინ 18 წლის ვიყავი და დაახლოებით, ამ ასაკის იყვნენ სხვებიც. სავარაუდოდ, არასრულწლოვნებიც იქნებოდნენ, რადგან ერთ-ერთი ამბობდა – წელს აბიტურიენტი ვარო. პირველკურსელი როცა ხარ, ისეთი პერიოდია ეს, როცა მეტი აქტიურობა გინდა, ასე ვთქვათ, ხალხში გასვლა მოგწონს, სიახლეები გიზიდავს და თან თუ ამაში ფულსაც გადაგიხდიან – და ჩემს შემთხვევაში, 18 წლის გოგოს 400 ლარს, მეტი რაღა უნდა ახალგაზრდა ადამიანს? მეც ამ მოტივაციით ვიყავი მაშინ იქ, თორემ პოლიტიკური შეხედულებებით მათ მხარეს ვიყავი და ამიტომ ვმუშაობდი-თქო, ამას ვერ ვიტყვი. მეორედ რომ შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, აღარ წავედი, რადგან იქ ისეთი რაღაცები ვნახე, ისეთი „შეკერილი“ და მიკერძოებული იყო მთლიანად გამოკითხვის პროცესი, ისეთი„ნაცები“ იყვნენ „ენდიაის“ წარმომადგენლები, რომ ეს კვლევა კი არა, ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ფარული პროპაგანდა იყო. შენ რაც გინდა, იმას რომ მოხაზავ ბლანკზე და ინტერვიუერის სახელს, გვარს და პირადობას ჩაწერ – ეს ფარული და ობიექტური კვლევა აღარ არის.
- როგორც ვრცელდება, „ენდიაი“ ახლა პლანშეტებით აპირებს აღნიშნული კვლევა-გამოკითხვების ჩატარებას და როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ ამ ტიპის კვლევა მაინც იყოს მეტ-ნაკლებად ობიექტური?
- ახლა ხომ საერთოდ, უფრო იოლი იქნება მაგ კვლევის გაყალბება – მიყრუებულ სოფლებში მცხოვრებმა მოხუცმა ადამიანებმა საერთოდ არ იციან, რა არის პლანშეტი და მარტივად დააჭერინებ ხელს ეკრანზე, მითითებით – ვერც გაიგებს, რომ თავისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ მიაცემინებ ხმას. ჩვენ სადაც დავდიოდით, ზოგმა კალმით წერა არ იცოდა წესიერად და ასეთი ადამიანების მოტყუებას რა უნდა? ძალიან მარტივია: მიაწვდი პლანშეტს და ეტყვი – აი, თქვენ ხომ ამა და ამ პარტიაზე ამბობთ, რომ მოგწონთ? ჰოდა, აი, ამ ადგილს დააჭირეთ და მორჩა, იმას ეგონება, რომ ხმას თავის საყვარელ პარტიას ან პოლიტიკოსს აძლევს და სინამდვილეში – პირიქით გამოვა.
– ისე, საინტერესოა: ტრენინგებზე თუ მიდიოდა აშკარა პოლიტიკური საუბრები? ტრენერები თუ გამოხატავდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს თქვენთან?
– კი, რა თქმა უნდა! ტრენინგებზე ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ქება-დიდება მიდიოდა. ერთი უცხოელი ტრენერი ახალგაზრდა კაციც გვყავდა, ინგლისურ ენაზე გვიტარებდა ტრენინგებს და ისიც კი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობდა აღმატებულ კონტექსტში – როგორ დააახლოვა სააკაშვილმა საქართველო ევროპასთან, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოკლედ, სულ ამ კონტექსტში „გვიბურღავდა“ ტვინს, თუ როგორი მაგარია „ნაციონალური მოძრაობა“. „ქართულ ოცნებაზე“ კი იძახდა – ეს პრორუსული ძალააო და ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მანიპულირებდა – არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებაში პრორუსული ძალის მოსვლაო… ჩვენც მეტი რა გვინდოდა – ეს პატარა, სულელი ბავშვები, ჩვენი ჭკუით ვეხმარებოდით, რომ ეს „პრორუსული „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ მოსულიყო. თან როგორ ვეხმარებოდით? ტყუილებს ვხაზავდით, გამოკითხვას ისე ვაწარმოებდით, როგორც გვასწავლიდნენ – „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. მართლა ვერ ვაცნობიერებდით წესიერად, სინამდვილეში რას ვაკეთებდით. იცით, რატომ არ ჰყავდათ ჩვენზე დიდი ასაკის ხალხი ტრენინგებზე? იმიტომ, რომ უფროსებით მანიპულირება ცოტა რთულია, პატარა ასაკის ადამიანებთან კი – მარტივია.
სხვათა შორის, 2016 წლის არჩევნების წინაპერიოდში რომ დამირეკეს და ისევ შემომთავაზეს თანამშრომლობა, რაზეც მე უარი ვუთხარი – აღმოჩნდა, რომ გურიაში მიპირებდნენ გაშვებას (ჩემს ნაცვლად მერე, ცხადია, სხვა გაუშვეს). იქაც ძალიან მიყრუებულ სოფელში – ჩიბათის კიდევ უფრო იქით და დაახლოებით, იმავე სქემით გამოუკითხავთ მაშინაც ხალხი, ეს მე ყოფილმა თანამშრომელმა მითხრა მერე, რომელიც გურიაში გააგზავნეს და რომელთანაც საკამოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.
ერთი სიტყვით, „ენდიაის“ კვლევები არის თავიდან ბოლომდე ყალბი, ეს კეთდება წინასწარ განსაზღვრული ინტრვიუერების სიით და არა ე.წ. შერჩევითი ფარული გამოკითხვით; კითხვის ფორმულირებაც საშინლად მიკერძოებულია, ინტერვიუერთან პოლიტიკური სიმპათიები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ უნდა დააფიქსირო… თითქმის ყველა ინტერვიუერი ან ძალიან ღარიბია, ან ძალიან ასაკოვანი და ისეთ მიყრუებულ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც განათლებაც ნაკლებია და პოლიტიკური პროცესების ცოდნაც არ აქვთ; სწორედ ამიტომ ვერ პოულობს ვერავინ ამ „მითიურ გამოკითხულ ადამიანებს“ და ეს ე.წ. კვლევებიც, რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების ფარული პროპაგანდაა.
ნინო ლაბარტყავა