„დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს“, - განაცხადა ეურონესტის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერეშმა.
„მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ. გული დამწყდა, როგორ იყო საქართველოს საკითხი განხილული. მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს. ისინი არიან პოლიტიკოსები. ჩემთვის დასანანია, ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას - სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. ეს ხდება მგრძნობიარე თემებისა და დეტალების გათვალისწინების გარეშე. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებს და ევროპარლამენტარებსაც აუცილებლად ვეტყვი“, - განაცხადა ტერეშმა.
მისი თქმით, საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს.
„არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, გამოიყენოს საქართველო, როგორც ბრძოლის ველი და დააგროვოს პოლიტიკური ქულები ბრიუსელში. ქართველი ხალხისთვის და ევროპარლამენტარებისთვის, ევროკომისიისთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წლების მანძილზე საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არა მარტო ევროკავშირისთვის, არამედ NATO-სთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ყველა რომ ყველაფერზე თანხმდებოდეს ეს დემოკრატია აღარ იქნებოდა. ეს რუსეთში ხდება. ეს საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება, უნდა გადაწყდეს ქვეყნის შიგნით. არცერთი პოლიტიკური ლიდერისთვის მიზანშეწონილი არ არის, ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკონ ქვეყანა და არ იცოდეს, რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი, იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო და უფრო ძლიერი“, - განაცხადა კრისტიან ტერეშმა.