ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან. ჩინეთში მოგზაურობისას გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.
ქალაქი უხანი სახელდება კორონავირუსის გავრცელების კერად.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (ჭუჰან) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქალაქი უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩოს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა „უმაღლესად“. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობაზე აკრძალვა არ დაწესებულა.
უწყება საელჩოს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერსაც აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ჩინეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ: +86 13716877635.
ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.
ვირუსი პირველად ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მისი გავრცელების ცენტრად უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.