11 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ევრო 2016-ის B ჯგუფის დაპირისპირებებს უელსისა და სლოვაკეთის შერკინება გახსნის. ორივე გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ ჯგუფიდან გაღწევის ამბიცია ჰქონდეს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკმაოდ უხერხული მეტოქეები ჰყავთ და მორიგ ეტაპზე გასვლის მთავარი პრეტენდენტი ინგლისია, დიდი ალბათობით, სწორედ დღევანდელ მატჩში გადაწყდება, თუ რომელი გუნდი ვერ გადალახავს აღნიშნულ ეტაპს.
უელსელები ბრიტანულ სტილში თამაშს არ ღალატობენ და საკმაოდ ძალისმიერი ფეხბურთით, გრძელი გადაცემებითა და სისწრაფეზე დამყარებული თამაშის სტილით შეეცდებიან მეტოქის დამარცხებას. მითუმეტეს, რომ გუნდს საკმაოდ სწრაფი შემტევები ჰყავს. უელსელებს გარეტ ბეილი ლიდერობს, რემსი კი შეეცდება, მაქსიმალურად დახუნძლოს გადაცემებით „რეალის" ფორვარდი.
რაც შეეხება სლოვაკეთს, რომელმაც გასულ თვეში, ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს 3:1 სძლია, დღეს ეს გუნდიც 3 ქულისთვის იბრძოლებს. ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და ბრიტანელებისთვის ჩვეული დისციპლინარული ფეხბურთის დაპირისპირებას გეგმავენ. სლოვაკებს „ნაპოლის" ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ლიდერობს.
B ჯგუფის მეორე დაპირისპირება დღესვე, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ინგლისი რუსეთს შეერკინება.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
უელსი (4-4-1-1): ჰენესი - რიჩარდსი, უილიამსი, განტერი, დევისი - ლედლი, კინგი, ალენი, ტეილორი - რემსი - ბეილი;
სლოვაკეთი (4-1-4-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, გუბოჩანი, დომბერი - პეჩოვსკი - კუცკა, ჰამშიკი, მაკი, ვაისი - ნემეცი.