ევრო 2016-ის A ჯგუფის პირველი ტური დასრულდა. გუშინდელის მსგავსად, დღევანდელ დაპირისპირებაშიც ფავორიტმა მინიმალური სხვაობით მოიპოვა გამარჯვება და როგორც ფრანგებს გაუჭირდათ რუმინელთა დამარცხება, შვეიცარიამაც დაძაბულ ორთაბრძოლაში დაჯაბნა ალბანეთის ეროვნული ნაკრები.
შვეიცარიელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს - მე-5 წუთზე ბერიშამაც რუმინელთა კარის დარაჯის მსგავსად, გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ზუსტი თავური დარტყმით ფაბიან შერმა გოლად აქცია. ალბანელებს, რომელთც აშკარად მეორე ნომრად თამაში ჰქონდათ გადაწყვეტილი, ყველა გეგმა დაემსხვრათ და გუნდი იძულებული გახდა შეტევაში გადასულიყო.
შეხვედრა საკმაოდ ხისტი გამოდგა და 36-ე წუთზე მატჩის არბიტრ კარლოს ვალასკოს ლორიკ ცანასთვის წითელი ბარათის ჩვენება მოუწია. სულ კი, ესპანელმა 7-ჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი.
უნდა აღინიშნოს, რომ ალბანელებმა კაცნაკლულებმაც საკმაო ოდენობის სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ხან ბურთი კარს მცირე მანძილით სცდებოდა, ხანაზ იან სომერი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებოდა.
არანაკლები, თუ არა მეტი, სახიფათო მომენტი შექმნეს შვეიცარიელებმაც. ერთ-ერთი საჯარიმოს დარტყმის დროს ბურთი კარის ძელმა აისხლიტა, ჰარის სეფაროვიჩი კი ბერიშას პირისპირ არაერთხელ აღმოჩნდა, თუმცა ალბანელი ფორვარდთან არცერთხელ შეცდა.
საერთო ჯამში, შვეიცარიელები უფრო მაღალი დონის თამაშს უჩვენებდნენ და საკუთარი კლასის დემონსტრირებას ახდენდნენ, თუმცა არც ალბანეთს უნდა დავუკარგოთ გარჯა, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე საოცარ პროგრესს განიცდის.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთისა და რუმინეთის ორთაბრძოლაც დაძაბული გამოდგა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფში აშკარა ფავორიტები არ გამოკვეთილან. ალბანეთს მომდევნო ეტაპზე გასაღწევად ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, რუმინეთის ბედი კი მეტწილად სწორედ ალბანეთისა და შვეიცარიის ნაკრებების წინააღმდეგ თამაშისას გადაწყდება.
ალბანეთი - შვეიცარია 0:1
გოლი: ფაბიან შერი (5')
ალბანეთი: ბერიშა - აგოლი, მავრაი, ცანა, ჰისაი - კუკელი, ჯაკა (კაცე 62') - აბრაში, ლენჯანი, როში (ციკალეში 74') - სადიკუ (გაში 82');
შვეიცარია: ზომერი - შერი, ლიხტშტეინერი, ჯურუ, როდრიგესი - ჯაკა, ძემაილი (ფრეი 76'), ბერამი - მეჰმედი (ემბოლო 62'), შაქირი (ფერნანდესი 88'), სეფაროვიჩი.