ბოლო სამი დღის განმავლობაში ბათუმის დელფინარიუმში 3 დელფინი დაიბადა.
7 ივნისს დელფინ „მონიკას" შეეძინა „ნინია". 10 ივნისს დედა „ბელუჩი" გახდა. ხოლო 11 ივნისს, გამთენიისას დელფინარიუმს კიდევ ერთი წევრი „ცუცამ" შეჰმატა.
„ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა, მსგავსი პრეცედენტი, ბათუმის დელფინარიუმში უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. ეს ფაქტი უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ", - აცხადებენ დელფინარიუმში.
დელფინარიუმის ცნობით, ახალშობილებისა და მათი დედების უსაფრთხოების გამო, დროებით შეჩერებულია დელფინებთან ინტერაქტივის (ცურვის) სერვისი. მაქსიმალური კომფორტისა და საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმი საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ახალშობილები და დედები თავს კარგად გრძნობენ.