logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: „ლობიზმი“ პარტიათა არსობისა...
- +

23 იანვარი. 2020. 15:21

 

„ლობიზმი“ პარტიათა  არსობისა...

 

იყო ასეთი ქვეყანა, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი.

 

რომელშიც საქმეები უმეტესწილად ქრთამის მეშვეობით კეთდებოდა.

 

ჩამოვიდოდა მოსკოვის ცკ-საგან დიდჩინოსანი და ატყდებოდა თბილისსა შინა დიდი გნიასი, არიქა, დიდი კაცია მოვლენილი, პატივისცემა სჭირდებაო და იყო ერთი ვიხარ-მამაცი(გურული ტერ.).

 

აჭმევდნენ, ასმევდნენ, დასტობით საბჭოთა ფულს ჯიბეში ჩაუწყობდნენ (მაშინ გადარიცხვებ-გათეთრებები არ იცოდნენ) და ყარა-ყორუმს დიდის პატივით გაამგზავრებდნენ.

 

არ მოიქცეოდა თბილისი ასე, რაიმე შეეშლებოდა ან კიდევ ერთი კლანი აჯობებდა მეორეს პატივისცემაში, ქრთამის გაცემასა თუ დაბეზღებაში და მაშინვე შეცდომების დამშვებთა მიმართ გამოცხვებოდა კრემლის დადგენილება: „საქართველოს კომპარტიასა და მინისტრთა საბჭოში ნეგატიური მოვლენების შესახებ“.

 

იყო თანამდებობებიდან მოხსნა-გამოხსნა, დაჭერა-დაპატიმრებები.

 

ასე გადიოდა წლები და ერთ მშვენიერ დღეს დაინგრა მექრთამეობაზე დაფუძნებული ის ხუხულა, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი.

 

საქართველო გახდა დამოუკიდებელი და...

 

ვაი შენ ჩემო თავო (როგორც ილია იტყოდა)! გამოჩნდა ახალი მოდერნიზებული მექრთამეობის ფორმა, მოდერნიზებული სიტყვებით.

 

მექრთამეობა გამოდიფიცირდა, როგორც კორუფცია, ხოლო უფრო მაღალზე მაღალი დონის კორუფცია გაკანონიერდა და ეწოდა „ლობიზმი“.

 

ანუ როგორც პოეტი იტყოდა იმ შავბნელ სსრკ-ში. „წუთისოფელი ომია, ომია ფუტკრის და კრაზანის, აქლემის ქურდი ნემსის ქურდს იჭერს და ციხეში აგზავნისო“.

 

ახლა  უკვე პარტიებად წოდებულნი კლანებმა თუ სექტებმა იწყეს რბენა აღმა-დაღმა და ეძებენ და ბანკებით ურიცხავენ ათასგვარი ჯურის „ლობისტს“  მათი მმართველობისას საქართველოს მოსახლეობისათვის წანაგლეჯ მილიონებს.

 

ჰოდა, იქაურ-აქაური „ლობისტებიც“ მყისვე თანხის გადარიცხვისთანავე აცხობენ ახალ-ახალ წერილებს გაღმა-გამოღმიდან საქართველოსადმი სუპერკრიტიკული რჩევა-დარიგებებით და ხშირად მკაცრი დამუქრებებითაც კი.

 

იმ დროს თუ მოსკოველი „მექრთამეები“(თუ ქრთამს არ მისცემდნენ, მაშინ) ნაკლად გვითვლიდნენ  კომუნიზმის იდეალებისადმი ერთგულებას, ახლანდელი „ლობისტები“, თუ დაკვეთა მისცეს აქაურმა სახელისუფლებლო  სკამს დანატრებულმა ე.წ. ოპოზიციონერებმა,   გვაბრალიან დემოკრატიისადმი ნაკლებ სწრაფვას.

 

ჰოდა, ვკითხულობ: შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი იცვლება თუ არ იცვლება?

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner