„კორუფციის აღქმის ინდექსის მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერად, პირველ პოზიციაზე რჩება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ამ მხრივ მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებითაც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კორუფციის აღქმის ინდექსი, 2019 წლის ჩათვლით, ბევრად უკეთესია და არის გაუმჯობესებული 2012 წლამდე არსებულ ინდექსს შორის. შესაბამისად, შედეგი და მოცემულობა ცალსახაა. ჩვენ რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერად, პირველ პოზიციაზე ვრჩებით“, - განაცხადა ოხაშვილმა.
მისი თქმით, მცირე ცვლილებები მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„წლიდან წლამდე მინიმალისტური ცვლილებები ვერ მოახდენს გავლენას იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, რომლითაც 2012 წელთან შედარებით, კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის 2019 ინდექსი გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ორი ქულით არის შემცირებული. მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ადგილზეა. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. ორგანიზაციის ახალ ანგარიშში საქართველოს 100 ქულიდან 56 აქვს მინიჭებული.