„რეალობა არის ის, რომ, თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძელდება და ხელისუფლება ელოდება მათ მიერ დაყენებულ შეთავაზებაზე პასუხს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ისინი არ გასცემენ დადებით პასუხს, ამ შემთხვევაში დარჩება ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს.
„თეა წულუკიანმა თქვა ის, რაც არის რეალობა, ხომ? ანუ წამოვლენ შემოთავაზებაზე, რაც არის რაციონალური, ან წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ის სისტემა, რაც დღეს მოქმედებს. ანუ ფაქტობრივი მოცემულობა, რაზეც ყურადღება გაამახვილა თეა წულუკიანმა. შესაბამისად, ეს არ არის, ბუნებრივია, ულტიმატუმი. რეალობა არის ის, რომ, თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად ზომიერი იყოს რიტორიკაში.
„მაგალითად, ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ვუწოდოთ კლოუნები ჩვენს ოპონენტებს, არ აქვს მნიშვნელობა - ვის. თქვენ ხედავთ, რომ რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან არის ძალიან მძაფრი, ზედმეტად მძაფრი და მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, არის ლეგიტიმური, სამართლებრივი თვალსაზრისით, და აქედან გამომდინარე, ვერანაირი ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადება.
„ვერცერთ შემთხვევაში, რომც დარჩეს არსებული სისტემა 77/73-ზე - ეს არის ლეგიტიმური სისტემა და შესაბამისად, ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს სისტემა მოქმედებს საქართველოში 1995 წლიდან, ჯერ პროპორცია იყო განსხვავებული, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალა პროპორცია და 50/50-ზე ჩამოაყალიბა სისტემა, ეს არის ლეგიტიმური სისტემა, ამ სისტემით აირჩეოდა ყველა პარლამენტი 1995 წლიდან. შესაბამისად, ვერ დადგება სამართლებრივი ლეგიტიმაციის საკითხი და ვერ დადგება, შესაბამისად, ვერც პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ.