logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა მედიისთვის გახდა ცნობილი...
- +

24 იანვარი. 2020. 13:03

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა მედიისთვის გახდა ცნობილი და ინფორმაცია მათ გაავრცელეს. მან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომელიც გუშინ, სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოსვლისას დაინტერესდა, თუ საიდან მიიღეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა მისი „მატროსოვის ციხეში“ მისვლის თაობაზე.

 

„შეიძლება, არც გაგვიკვირდეს, ასეთი ვიზიტის დროს მის შესახებ ვინმესთვის გახდეს ცნობილი. ჩვენ არ ვიცით, ქალბატონ ნინოს ვისთან ჰქონდა საუბარი. ამის გარკვევა ალბათ შესაძლებელია. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ეს არ გაუხმაურებია.

 

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეუფერხებელი მუშაობა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში მოხდა ის, რომ ნაცვლად ხუთი წლისა, ომბუდსმენი ექვსი წლით ირჩევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება სახალხო დამცველის ყველაზე მეტი რეკომენდაციის გაზიარება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეუფერხებლად ფუნქციონირება, ჩვენ ამ ინტიტუტის მხარდამჭერები ვართ და უზრუნველვყოფთ, რომ ყოველთვის მხარი დავუჭიროთ. ამასობაში, ზოგიერთი ჟურნალისტის მითითება გარკვეულ კომპლექსებთან დაკავშირებით მიუღებელია. ფორმა, რომ ჟურნალისტმა მიუთითოს სახალხო დამცველს, მითითებები გააკეთოს კომპლექსებთან დაკავშირებით, მიუღებელია“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

ანრი ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ სიტუაციაში გაერკვევიან.

 

„ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველი რომ შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და მოინახულა რომელიმე პატიმარი, მედიისთვის გახდა ცნობილი და სწორედ მედიის წარმომადგენლებმა გაასაჯაროეს ეს ინფორმაცია. თუ საჭიროა გარკვევა, გავერკვევით, გვექნება ქალბატონ ნინოსთანაც და ქალბატონ თეასთანაც კომუნიკაცია. დამატებით საკითხის გარკვევის საჭიროება თუ იქნება, ამასაც გააკეთებთ“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner