ძალიან სამწუხარო ამბავი - თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ჩვენი მეგობრობა 50 წელზე მეტს ითვლიდა. ის და ჩემი უფროსი მეგობარი, თემურ კაპანაძე, მეზობლები იყვნენ, ფურცელაძის ქუჩაზე. ლამის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, ერთად ვატარებდით დროს, ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, თეატრზე, ცხოვრებისეულ პრობლემებზე. არც ქეიფს ვიკლებდით. ძალიან გავიხარეთ, დიდმა თენგიზ აბულაძემ ფილმში რომ გადაიღო. საერთოდ, გვიხაროდა ერთმანეთის წარმატებები. ჩვენს ძვირფას მასპინძელთან ერთად, ტრადიციული შეხვედრების მუდმივი მონაწილეები იყვნენ ზაზა დარასელი და თამაზ ტყემალაძე. მერე თემურ კაპანაძემ მეცნიერებათა აკადემიაში დაიწყო მუშაობა, თემური, ზაზა, თამაზი და მე, წლების შემდეგ, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტში გაგვამწესა განგებამ. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიყავით ერთად, ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დაგვიტოვა იმ წლებმა. არც ტკივილი დაგვკლებია: ჯერ ზაზა წავიდა, მერე თემურ კაპანაძე, ახლა თემურ ჩხიკვაძეც გაუყვა სასუფევლისკენ სავალს. ნათელი დაადგეს ამ საოცარი კაცის სულს! თემურ ჩხიკვაძე სანიმუშო იყო საქმეში, ძმობაში, ჭირსა თუ ლხინში. სანიმუშოა მის მიერ შექმნილი უდიდესი ვიდეოარქივი, რომელსაც სათანადო პატრონობა და გაფრთხილება (დაფასებაც!) სჭირდება. აქვე მინდა შემოგთავაზოთ ერთი მოგონება, რომელიც ჩვენს თემურთან არის დაკავშირებული.
„ლაპარიკობს თბილისი“...
არ გეგონოთ სათაურში შეცდომა დავუშვი. საქართველოს რადიოს, წლების მანძილზე, ხელმძღვანელობდა ორთოდოქსი კომუნისტი პეტრე შამათავა. სიმკაცრე არც ოფიციალური ცენზორისგან გვაკლდა და არც ბატონი პეტრესგან. სწორედ ბატონი პეტრეს „არსენალში“ იყო სათაურში გამოტანილი სიტყვის კუთხური ვარიანტი. რას ლაპარიკობ, კაცო, შენო, - გეტყოდა თუ რამე მისთვის არმოსაწონი წამოგცდებოდა. ერთხელაც თამაზ ტყემალაძემ მკითხა, რადიოში რომ ვინმემ „ლაპარიკობს“ თქვას, ბატონი პეტრე თუ აღიქვამსო. ეგ თუ არ ვცადეთ, ვერ გავიგებთ-მეთქი, ვუთხარი. 1982 წელია, რადიოში ინფორმაციის მთავარ რედაქციას ვხელმძღვანელობ. თამაზმა - შამპანურებს ვიკისრებ და თემურ ჩხიკვაძეს ვთხოვოთ „დახმარებაო“. თემური ყოველთვის ხალისობდა, თუ რამეს იმაკვარანცხებდა და ჩვენი ექსპერიმენტის იდეაც აიტაცა. 11 საათზე ეთერში დიქტორის ომახიანი ხმა გაისმა: „ლაპარიკობს თბილისი, ლაპარიკობს თბილისი, თბილისის დროით 11 საათია, ეთერშია უკანასკნელი ცნობების გამოშვება“... თხუთმეტ წუთში თემო სტუდიიდან რედაქციაში ამოვიდა და თამაზი სად არისო, ტყემალაძეზე მკითხა. თან ცუღლუტურად იღიმება: ხუმრობა ხომ არ იყო - რადიოს უმკაცრეს შეფს საჯაროდ, ეთერში გამოაჯავრა და შამპანურიც დაიმსახურა. თემურს ფეხდაფეხ ტყემალაძე მოჰყვა. თემომ ნიშნი მოგვიგო - აბა, ხომ მაგარი ვარ, მორიგეობას ხუთ საათზე ვამთავრებ და შამპანურსაც სიამოვნებით დავლევო. მე და თამაზი წინასწარ შევთანხმდით, როგორმე მეორედაც გამოგვეცხადებინა თემურისთვის სასურველი ტექსტი. თათბირზე ვიყავით და არ მოგვისმენია, ხუთ საათზეც გაიმეორე და შამპანურს კარგ პურმარილსაც მოვაყოლებო. თემურს ასეთი გაგრძელება არ მოეწონა, მაგრამ თამაზმა ლამის მეც დამაჯერა ნათქვამის სიმართლეში. ერთი სიტყვით, საღამოს 5 საათზე ეთერში კვლავ გაისმა ჩვენი მეგობარი დიქტორის სასიამოვნო ხმა: „ლაპარიკობს თბილისი, ლაპარიკობს თბილისი, თბილისის დროით 17 საათია, ეთერშია უკანასკნელი ცნობების გამოშვება“... ასე დავამახინჯებინეთ გამორჩეულ პროფესიონალს სადიქტორო ტექსტი იმის გასაგებად, შეამჩნევდა თუ არა პეტრე შამათავა „შეცდომას.“ ბატონმა პეტრემ ჩვენი „ექსპერიმენტი“ ვერ ან არ შეამჩნია. შეიძლება მიხვდა, რომ ეს „შეცდომა“ შემთხვევითი სულაც არ იყო და გაატარა, ისევე, როგორც თამაზმა გაატარა თემურისთვის დანაპირები შამპანური და პურმარილი. აი, ასე დამთავრდა ეს ისტორია, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი ჩვენი საყვარელი მეგობარი, ამ ეპიზოდშიც საოცრად მამაცი თემურ ჩხიკვაძე იყო.
გოჩა ხუნდაძე