140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მიეცა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი, ციტა ხნის წინ გაიხსნა და ახალგორში მცხოვრებმა ათმა მოქალაქემ უკვე დატოვა ოკუპირებული დაბა.
„დღესვე, ჩემი ინფორმაციით, სხვა ადამიანებიც შეძლებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეული სიებით ხელმძღვანელობენ და იმ ადამიანებს აძლევენ ოკუპირებული დაბის დატოვების საშუალებას, რომლებიც პენსიას იღებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ ყველა მათგანი, ვინც დღეს ოკუპირებული დაბა დატოვა, პენსიონერია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ 10- დღიან ვადას აძლევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღონ კუთვნილი პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით და შემდგომ, როგორც მათ განუცხადეს, 10 დღის ვადაში კვლავ მიეცემათ ახალგორში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა“, - განცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.