„დაახლოებით 26-27 ნოემბერს გადავეცით დაცვის მხარეს ეს მტკიცებულებები და კარგია, რომ 2 თვის თავზე მაინც გაეცნენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, საზოგადოებას არა ერთხელ განვუმარტეთ, რომ „რუსთავი2“-ის ეთერში გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ავტომობილი და აღნიშნული ეპიზოდის გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვატარებდით ფარულ საგამოძიებო მოქმედებას“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებას თან ახლდა ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება.
„ნებისმიერი პრაქტიკოსი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს ორი ღონისძიება ტარდება ერთდროულად. კერძოდ, ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა, აღნიშნული „პორშეს“ ტიპის ავტომობილით ვინ სარგებლობდა, გვქონდა ვარაუდი, რომ ეს იყო ნიკა გვარამიას და მისი ოჯახის სარგებლობაში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დავიწყეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, - განაცხადა პროკურორმა.
ზვიად გუბელაძემ ასევე განმარტა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ავტომანქანაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ვიდეოგადაღება შეწყდა 2 დღეში მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ავტომობილით ნამდვილად ნიკა გვარამიას მეუღლე სარგებლობდა.
„არაერთხელ განვმარტე, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების, ანუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანი იყო დაგვედგინა ვინ სარგებლობდა ავტომანქანით. 2 დღე მოხდა გადაღება იმისა, რომ ნამდვილად ნიკა გვარამიას მეუღლე სარგებლობდა ამ ავტომობილით და მაშინვე შეწყდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ანუ ვიდეოგადაღება მას შემდეგ აღარ განხორციელებულა. რაც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას, ის იყო გარკვეული პერიოდით აღებული და როგორც კი ეს ვადა გავიდა, მას შემედგ ოპერატიულ-სამძებროს თანამშრომლებს აღარ გაუტარებიათ აღნიშნული ღონისძიება“, - აღნიშნა პროკურორმა.