„ვიდრე სამსახურში პრობლემები არ შეექმნებოდა, გიორგი დვალიშვილი რატომ არ ასაჯაროებდა ამ კადრებს და გამოძიებას არ მიმართავდა?“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს.
მდინარაძის შეფასებით, არ იყო სასიამოვნო, როგორც ლევან იზორიას ძმა, კიტა იზორია პოლიციელს ესაუბრებოდა. მისივე თქმით, ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
„ეს არის 2014 წლის კადრები. 5-6 წლის განმავლობაში ეს ადამიანი სად ინახავდა ამ კადრებს, სანამ სამსახურში პრობლემები არ შეექმნებოდა, რატომ არ ასაჯაროებდა და გამოძიებას რატომ არ მიმართავდა? როდესაც ეს ადამიანი დააწინაურეს და ჩინი მოუმატეს, მაშინ არ ფიქრობდა, რომ პრობლემა იყო, მაგრამ როდესაც 5 წლის შემდეგ რაღაც პრობლემები შეექმნა, გადაწყვიტა კადრების გასაჯაროება და გამოძიებისთვის მიმართვა. სხვათა შორის, ნოემბრის თვეში, მისი მიმართვიდან მეორე დღესვეა დაწყებული გამოძიება. რაზე დააკავეს თავიდან ის ადამიანი, რა იყო ამის საფუძველი, რაც კადრებში არ ჩანდა, რამდენად კანონიერად თუ უკანონოდ მოხდა შემდეგ მისი გათავისუფლება და ა.შ. - მოდით, ამ ყველაფერს გამოძიებამ გასცეს პასუხი. მართლაც არ იყო სასიამოვნო, როგორ ელაპარაკებოდა პოლიციელს მანქანაში, მაგრამ დანარჩენი გამოძიებამ უნდა გვითხრას. როდესაც ასეთ ფაქტებს ვეძახით სკანდალურს, ეს მიღწევებზე მეტყველებს. მაგალითად, 2012 წლამდე ადამიანების მკვლელობებიც არ მიაჩნდათ სკანდალურად და დღეს რომ სკანდალურია მოქალაქის ცოტა ცუდად ლაპარაკი პოლიციელთან, ეს უკვე კარგია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სიუჟეტის თანახმად, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია, მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.