ევრო 2016-ის B ჯგუფის პირველ მატჩში უელსის ნაკრები სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა მოლოდინისამებრ, საკმაოდ დაძაბული და ხისტი გამოდგა. განსაკუთრებით კი სლოვაკები უხეშობდნენ, რომლებსაც შეხვედრის არბიტრმა 5 ყვითელი ბარათი უჩვენა, უელსელებს კი არცერთი.
ანგარიში ჯერ კიდევ მე-10 წუთზე გაიხსნა, როდესაც გარეტ ბეილმა საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა. ამის შემდეგ სლოვაკები ცოტაოდენ გააქტიურდნენ, თუმცა უელსელები ანგარიშს 61-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, რა დროსაც ონდრეი დუდამ ტექნიკური დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.
დარჩენილ დროში თამაში მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლებში მომდინარეობდა, თუმცა ჰალ რობსონ-კანუმ 81-ე წუთზე რემზის პასის შემდეგ საკუთარი გუნდის წინ გაყვანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშის, 2:1-ის დაფიქსირება შეძლო.
აღნიშნული გამარჯვებით უელსმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, ვინაიდან B ჯგუფში ფავორიტებად ინგლისელები მიიჩნევიან, მეორე გამსვლელის ვინაობას კი, დიდი ალბათობით, სწორედ დღევანდელი შეხვედრა გადაწყვეტდა.
B ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ინგლისის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს შეერკინება.