logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: სრულად უნდა გაიხსნას ე.წ. გადასასვლელი პუნქტი
- +

24 იანვარი. 2020. 18:02

 

„უპირობოდ და სრულად უნდა გაიხსნას ე.წ. გადასასვლელი პუნქტი და გადაადგილების თავისუფლება უნდა იყოს შეუზღუდავი“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტთან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი შეფასებით, კარგია, რომ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება, თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდეს.

 

„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის, საჯარო გამოსვლების თუ დახურული შეხვედრების უმთავრესი თემა გახლდათ ახალგორის მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა, გადასასვლელის გახსნის აუცილებლობა. დღეს არის გარკვეული მოძრაობა, ადამიანები არიან მოლოდინში იმისა, რომ ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. ძირითადად, პენსიონერებზე ვსაუბრობთ, რომელთაც ოჯახების ნაწილი ჰყავთ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, წეროვანში.

 

ბუნებრივია, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს აუცილებლად, რომ უპირობოდ და სრულად გაიხსნას ე.წ. გადასასვლელი პუნქტი და იყოს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი. ასეთი ზომაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, არის უდიდესი შეღავათი ხალხისთვის, იმიტომ, რომ ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ჩაკეტილი, ფაქტობრივ ტყვეობაში, მავთულხლართებს მიღმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს უქმნის საფრთხეს. რა თქმა უნდა, არის კარგი, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ გადაადგილების საშუალება. აუცილებელი იქნება, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს გადაადგილების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, შემდგომ აღარანაირი დაბრკოლება იმისა, რომ იმოძრაონ, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, გადმოკვეთონ და ა.შ.

 

დღეს ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს, კერძოდ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და მის გუნდს. ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკითხი, სწორედ ახალგორის მიმართულებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი გახლდათ და ისინი, ისევე როგორც სხვა ჩვენი პარტნიორები გაერო-დან და ეუთო-დან, არიან მაქსიმალურად ჩართული იმაში, რომ სწორედ გადაადგილების თავისუფლებას არ შეექმნას დამატებითი რისკები, აუცილებელია მისი აღდგენა და ამავდროულად აუცილებელია იმ გამოწვევების დაძლევა, რასაც ადგილი აქვს მაგალითად წნელისის და ჩორჩანას მიდამოში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner