„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი.
მისი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის მიერ დავოსში გამართულ შეხვედრებზე ტრანსნაციონალურმა ფინანსურმა კორპორაციებმა საქართველოს ფინანსური მდგომარეობა პოზიტიურად შეაფასეს, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, მათთვის სანდო და ხელსაყრელი გარემოა.
"მისასალმებელია, რომ პრემიერთან შეხვედრების შემდეგ უმსხვილესი ევროპული და ამერიკული კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. მათ შემოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა პირადი შეხვედრები გამართა ევროპულ და ამერიკულ უმსხვილეს კომპანიებთან, რომელნიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და მათი საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, არა მხოლოდ ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას, არამედ მეტი სტაბილურობის და უსაფრთხოების მომტანია მთლიანად რეგიონისთვის", - განაცხადა დეპუტატმა.